ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა

ყურადღებით შეისწავლეთ და რეგულარულად ჩაიტარეთ სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა. ეს სწრაფი, მარტივი, ეფექტური, უსაფრთხო და უფასო პროცედურაა.
გაიხადეთ თვითგასინჯვა ცხოვრების წესად, ეს ნორმალურია ყველა ქალისათვის.
რაიმე ცვლილების შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

რა საჭიროა თვითგასინჯვა
როგორც ბოლო წლების სამწუხარო სტატისტიკა გვიჩვენებს, ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნეები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გახშირდა, გაახალგაზრდავდა და ქალთა სიკვდილობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს საქართველოში ( შედარებისათვის – ძუძუს კიბოს სიხშირე 4 –ჯერ აღემატება საშვილოსნოს ყელის კიბოს სიხშირეს).

უნდა ითქვას, რომ ძუძუს კიბოს პირველ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში სრული გამოჯანსაღების სიხშირე 87% შეადგენს (ეს პარამეტრი განვითარებული ქვეყნების არ გეგონოთ, საქართველოს მაჩვენებელია!), მაგრამ უფრო ხშირად ქალები ექიმს მიმართავენ დაგვიანებით, რაც სრული გამოჯანმრთელების მაჩვენებელს მკვეთრად ამცირებს

რეგულარული თვითგასინჯვით, ექიმის დახმარებისა და ყოველგვარი ზედმეტი დახმარების გარეშე, თქვენ შეგიძლიათ დროულად გამოავლინოთ ძუძუს დაავადება და ჩაიტაროთ მკურნალობა, რომელიც დიდი ალბათობით ეფექტური და წარმატებული იქნება

რისკ– ფაქტორები
1. ქალის ასაკი 50 წელს ზევით,
2. მემკვიდრული წინასწარგანწყობა, თუ ძუძუს კიბო ჰქონდა დედას ან შორეულ ნათესავებს, იცოდეთ, თქვენც მომეტებული რისკის ჯგუფში ბრძანდებით,
3.არანამშობიარევი ან გვიან (30 წლის ზემოთ) ნამშობიარევი ქალები,
4. ხანმოკლე ლაქტაცია და ძუძუთი კვების დარღვევა,
5. სქესობრივი ცხოვრების არარსებობა, ან ადრეულ ასაკში დასრულება და არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება,
6. მენსტრუალური ციკლის დაწყება ადრეულ ასაკში – 10 წელზე ქვემოთ
7. ხშირი აბორტები, განსაკუთრებით აბორტები 25 წლამდე ასაკში,
8. ნეიროენდოკრინული დაავადებები: სიმსუქნე, დიაბეტი და ა.შ.

ყველაზე მაღალ რისკის ჯგუფს შეადგენენ ქალები, რომლებსაც ოთხი ან მეტი რისკ–ფაქტორი აღენიშნებათ.

რეგულარობა

სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა უნდა ჩაიტაროს ყველა ზრდასრულმა ქალმა თვეში ერთხელ, მენსტრუციიდან 7–10 დღის შემდეგ, როდესაც სარძევე ჯირკვალი განსაკუთრებით რბილია, ქალებმა მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ თვითგასინჯვა უნდა ჩაიტარონ ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში.

რეგულარული თვითგასინჯვის ფონზე, წელიწადში ერთხელ, ხოლო 50 წლის შემდეგ წელიწადში ორჯერ ჩაიტარეთ ძუძუს ექოსკიპიური კვლევა. ექოსკოპია, მამოგრაფიისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს რენტგენის სხივების გამოყენებას, სრულიად უვნებელია, იძლევა არაპალპირებადი წარმონაქმნის აღმოჩენისა და ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას.

დათვალიერება

1. დადექით სარკის წინ, დაუშვით ხელები და სათითაოდ დაითვალიერეთ ძუძუები და მათი დვრილები. დააკვირდით მათ ზომას, ფერს, ფორმას, კონტურს, აგრეთვე დვრილების მიმართულებას,

2. ასწიეთ ხელები თავს ზემოთ და გაიმეორეთ დათვალიერება,
3. დათვალიერება გაიმეორეთ დოინჯშემოყრილმა,

 

 

დათვალიერების დროს მიაქციეთ ყურადღება, ხომ არ არის ძუძუების სიმეტრია დარღვეული, ერთნაირია თუ არა მათი ფერი, ხომ არ აქვს ადგილი კანის შეჭმუხვნას, დვრილის ჩაბრუნებას.

 

პალპაცია

პალპაცია უნდა ჩავიტაროთ გაშლილი საჩვენებელი, შუა და არათითის ბალიშებით და არავითარ შემთხვევაში თითის წვერებით. თითის წვერით გასინჯვისას მკვრივი წარმონაქმნი შეიძლება გამოგეპაროთ.

მარცხენა ხელით მოახდინეთ მარჯვენა ძუძუს ჯერ ზედაპირული, შემდეგ ღრმა პალპაცია. პალპაცია უნდა დაიწყოთ ლავიწის ძვლიდან და ჩახვიდეთ ძუძუს ქვემო კონტურამდე. მარჯვენა ხელით ანალოგიურად მოახდინეთ მარცხენა ძუძუს პალპაცია.პალპაციას ექვემდებარება იღლიის ფოსოც. ხელის მოძროაბა უნდა იყოს ნელი, აუჩქარებელი, დაწოლა ძუძუზე უნდა განხორციელდეს მინიმალური ძალით.
არ უნდა გამოგრჯეთ ძუძუს ზედაპირის არცერთი გოჯი, ხელის მოძრაობის მიმართულება ნაჩვენებია გვერდით ნახაზზე

დაწექით, გაშალეთ მარჯვენა ხელი თავს ზემოთ ან ამოიდეთ თავქვეშ და მარცხენა ხელით მდგომარე პოზის ანალოგიურად გაისინჯეთ მარჯვენა ძუძუ, შემდეგ მარცხენა ხელი გაშალეთ და მარცხენა ძუძუ გაისინჯეთ მარჯვენა ხელით
გასინჯეთ, ხომ არ არის გამონადენი ძუძუს დვრილებიდან

 

გახსოვდეთ, თვითგასინჯვა არასრულია, თუ ზემომოყვანილი პროცედურა მთლიანად არ ჩაატარეთ.

თუ რაიმე არასასურველი აღმოაჩინეთ

არავითარი პანიკა!!!

რეგულარული თვითგასინჯვის შედეგად აღმოჩენილი დაავადება როგორც წესი, საწყის სტადიაშია და ამ დროს კიბოც კი მკურნალობას ექვემდებარება!
თუ თქვენ პათოლოგია რეგულარული თვითგასინჯვით გამოავლინეთ, მაშინ ალბათობა იმისა, რომ საქმე ავთვისებიან სიმსივნესთან გვაქვს, 20%–ზე მეტს არ შეადგენს. სარძევე ჯირკვლის ბევრი დაავადება ოპერაციის გარეშეც იკურნება, მაგრამ მკურნალობა აუცილებელია, რადგან სარძევე ჯირკვლის დაავადებათა უმეტესობა კიბოსწინა დაავადებას წარმოადგენს.

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili