როდის მივიდეთ გინეკოლოგთან?
1. თქვენ ჯერ არ დაგიწყიათ სქესობრივი ცხოვრება, მაგრამ ემზადებით ამისათვის. გინდათ შეარჩიოთ კონტრაცეპტივი, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ორსულობაზე, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. ამ დროს გინეკოლოგთან ვიზიტი ყველაზე უფრო სწორი არჩევანია, რადგან ეს მოგცემთ საშუალებას თავიდან აიცილოთ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები, აბორტები, ინფექციები თავისი გართულებებით და მომზადებული შეხვდეთ ზრდასრულ ცხოვრებას, რომლშიც მთავარი როლი საკუთარ, პარტნიორის და მომავალი შვილების ჯანმრთელობაზე სწორედ თქვენ გეკუთვნით.
2. თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ სქესობრივი ცხოვრება. მაშინაც კი, როდესაც მთლიანად დარწმუნებული ხართ თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობაში, ყოველთვის იყენებთ პრეზერვატივს და არც არაფერი გაწუხებთ, იცოდეთ თქვენი დრო მოვიდა. ახლა უკვე შეიძლება თქვენი სრულფასოვანი გამოკვლევა, საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, ნაცხის აღება, ინფექციებზე გამოკვლევა და სხვ. თქვენ ქალი ხართ და დროა პირადი ექიმი გყავდეთ!
3. თქვენ რაღაც გაწუხებთ. მნიშვნელობა არ აქვს გაქვთ თუ არა დაწყებული სქესობრივი ცხოვრება; არსებობს ქალწულების გასინჯვის მეთოდებიც. ნუ დაკმაყოფილდებით წიგნებით, ინტერნეტ კონსულტაციებით და დაქალ–ნათესავების რჩევებით. თუ სამკურნალო ბრძანდებით თქვენ აუცილებლად პირადად უნდა გნახოთ ექიმმა. ინტერნეტ–კონსულტაციით მხოლოდ შეიძლება დავადგინოთ რამდენად აუცილებელია და სასწრაფოა ეს ვიზიტი. მხოლოდ პირადი შეხვედრისას შეიძლება სწორი დიაგნოზის დასმა და მაშასადამე სწორი მკურნალობის დანიშვნაც. თქვენ შეიძლება უამრავი უსიამოვნო სიმპტომი გქონდეთ: გაურკვეველი გამონადენი, ტკივილი სქესობრივი კავშირისას, მენსტრუაციისას, ფიზიკური დატვირთვისას. გაცივებისას, უცნაური შეგრძნებები ძუძუებში, რეაქცია წამლებზე და სხვ. თქვენ არ იცით ეს ნორმის ვარიანტია თუ სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. თუ გერიდებათ ექიმთან მისვლა ერთი შეხედვით სულელური შეკითხვით, ან არარსებული პრობლემებით, ჯერ ინტერნეტ–კონსულტაცია სცადეთ. გარდა ამისა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების თავიდან აცილება უფრო მარტივია. ვიდრე მკურნალობა, ამიტომ გინეკოლოგს წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკისათვის მაინც მიაკითხეთ.
4. თქვენ გეგმავთ ბავშვის გაჩენას – ეს ფრიად სერიოზული მიზეზია ექიმთან ვიზიტისათვის (არა მარტო გინეკოლოგთან). საჭიროა მთელი ორგანიზმის შემოწმება, შეძლებს თუ არა იგი კიდევ ერთი სიცოცხლის უზრუნველყოფას. მაშინაც კი, თუ ახლახან გამოგიკვლიეს და გითხრეს რომ ჯანმრთელი ბრძანდებით, მიაკითხეთ ექიმს რომელიც ჯერ მოგამზადებთ ორსულობისათვის, შემდეგ კი გაგიწევთ ზედამხედველობას ორსულობის პერიოდში.
თუ არაფერი არ გაწუხებთ, შემდგომში გინეკოლოგთან ვიზიტი და უმარტივესი გამოკვლევები – გასინჯვა, ნაცხის გამოკვლევა, კოლპოსკოპია და ექო – წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაკეთდეს. განვითარებულ ქვეყნებში სადაზღვევო კომპანიები წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკურ გასინჯვას უფინანსებენ თავიანთ კლიენტებს და ავალდებულებენ მათ გავლას – წინააღმდეგ შემთხვევაში ავადმყოფობისას სადაზღვევო პრემია გაცილებით ნაკლებია! ჩვენთან წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური გასინჯვის ფუფუნება ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, თუ ორჯერ არა, ერთხელ მაინც გაიარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა. თუ რაიმე გაწუხებთ, ექიმთან უნდა მიხვიდეთ დაუყოვნებლივ, სჯობს ერთი დღე დაეთხოვოთ სამუშაოდან ან სასწავლებლიდან, ვიდრე დაელოდოთ ამ მოვლენების თავისით გადავლას. შემდეგ შეიძლება მთელი კვირა ან თვეც კი გაგიცდეთ, ან სულაც მოგიხდეთ სამუშაოს მიტოვება.
|