ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


ორალური კონტრაცეპტივის შერჩევა

ერთ–ერთი პოპულარული შეკითხვების თემა არის ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დანიშვნა. შეკითხვების ავტორები მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო:  

დისტანციურად ჩვენ დანიშნულებას არ ვიძლევით!

 უბრალოდ გავაკეთებთ რამდენიმე განმარტებას
1. საიმედოობა – თანამედროვე ორალური კონტრაცეპტივები საკმაოდ საიმედოა. მათი სწორად მოხმარების შემთხვევაში ორსულობის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. რიგევიდონი, სილესტი, ტრიზისტონი.... არჩევანი დიდია

2. უვნებლობა –  აი ამის კი რა მოგახსენოთ. სწორი შერჩევისას ისინი პრაქტიკულად უვნებელია, მაგრამ ყველა ამ პრეპარატს აქვს თავისი უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.მათი ნაწილი პრეპარატების ინსტრუქციაშიც არის მოყვანილი. მწარმოებელი არასოდეს არ აღწერს ინსტრუქციაში ყველა შესაძლო უკუჩვენებას და გვერდით მოვლენას. არასასურველი გვერდითი მოვლენები კი ბევრია – თრომბოემბოლიის საშიშროებიდან დაწყებული წონაში მატებით და ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის) დაქვეითებით და ზოგჯერ სრული გაქრობით დამთავრებული.


3. დისტანციურად შერჩევა – შეუძლებელია, გასინჯვის და ანალიზების შემდეგ ორალური კონტრაცეფცია შეიძლება თქვენთვის საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს.


4. დამოუკიდებლად შერჩევა – თუ რაიმე მოსაზრებით: მოუცლელობა, ფინანსური პრობლემა, უცნობი ექიმისადმი უნდობლობა ან სხვა მიზეზით ექიმთან არ აპირებთ მისვლას, მაშინ პრეპარატი დამოუკიდებლად უნდა შეარჩიოთ ინსტრუქციის მიხედვით და ინსტრუქცია აუცილებლად პირადად უნდა წაიკითხოთ. სჯობს დაკარგოთ მეტი დრო, ვიდრე სერიოზული პრობლემები შეუქმნათ საკუთარ ჯანმრთელობას.

დედას, დაქალს, ძმაქალს, დედამთილს და მეზობლის რძალს რჩევა არ ჰკითხოთ, რადგან თქვენი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთნაირი არ იქნება და ის რაც თავის დროზე მათთვის უვნებელი იყო, თქვენთვის შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს ასეთი. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა – ზოგიერთ აფთიაქს ჰყავს ექიმი კონსულტანტი, რომელიც უფასო კონსულტაციებს იძლევა, სოლიდურობისათვის ხანდახან წნევასც ზომავს და ფილტვებსაც უსმენს. არ ენდოთ აფთიაქის უფასო კონსულტანტებს. მათი დანიშნულება რაც შეიძლება მეტი ძვირადღირებული წამლის ან ჩაწოლილი საქონლის გასაღებაა. კვალიფიციური გინეკოლოგი ასეთ სამსახურში არ გაჩერდება. გახსოვდეთ, უფასო ნიგოზი მხოლოდ სათაგურშია. ასეთ რჩევებს სჯობს ცოტა მეტი დრო დაკარგოთ და ინსტრუქციები პირადად წაიკითხოთ და პრეპარატიც თვითონ შეარჩიოთ.

ჩვენი რჩევა თვითმკურნალობა ნამდვილად არ არის,

 მაგრამ თუ თქვენ ექიმთან მისვლა არ გსურთ, მეტი რა გზაა.

 

ქართული ანდაზა


რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითა..

სწორედ თვითმკურნალობის მოყვარულთათვის არის მოგონილი, თორემ შოთამ ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში დაწერა ვეფხისტყაოსანში:

                            რა აქიმი ავად გახდეს, რაზომ გინდა უებარი,
                   მან სხვა ჰპოვოს მკურნალი და ტკივილისა შემტყობარი!

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili