რა ანალიზები უნდა გაკეთდეს ორალური კონტრაცეპტივების
დანიშვნის წინ?
ძალიან ბევრი შეკითხვა შემოდის ორალურ(ჰორმონულ) კონტრაცეპტივების დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთხელ უკვე გავეცით პასუხი, რომ დისტანციურად ამ პრეპარატების დანიშვნა არ მოხდება. რაც შეეხება გამოკვლევებს, რომელიც უნდა გაკეთდეს მათი დანიშვნის წინ, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.
ჰორმონულ კონტრაცეპტივებს აქვთ უამრავი თანმდევი ეფექტი და შეიძლება მრავალი პრობლემა შეუქმნან პაციენტს. საზოგადოდ, WHO(World Health Organization) რეკომენდაციით ჰორმონული კონტრაცეპტივის დანიშვნის წინ უნდა ჩატარდეს შემდეგი გამოკვლევები:
1.სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა ლიპიდური ცვლის შესასწავლად: საერთო ქოლესტერინი, მაღალი და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინები, ტრიგლიცერიდები,
2. ღვიძლის ბიოქიმიური ფუნქციური გამოკვლევა,
3. კოაგულოგრამა,
4. ორჯერადი ვაგინალური ექოსკოპიური გამოკვლევა. პირველი ციკლის დამთავრებისთანავე და მეორე დაწყების წინ,
5. მამოლოგის კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია,
6. თერაპევტის კონსულტაცია, წნევის გაზომვა, ღვიძლის გასინჯვა, ვენების მდგომარეობის და წონის შეფასება
7. ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა
ეს უკანასკნელი არააუცილებლად ითვლება და ინიშნება მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის არცერთ კლინიკაში და მათ შორის ჩვენთანაც პაციენტთა 99% ასეთ გამოკვლევას არ თანხმდება. ამ გამოკვლევების ჯამური ღირებულება ჩვენს კლინიკაში (პუნქტი 1–6) 150 ლარზე მეტია. გასაგებია, რომ ყოველივე ეს საკმაოდ ძვირია, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო ძვირი ღირს.
ხშირად გინეკოლოგს კომპრომისზე წასვლა უხდება და თავისი რისკის ფასად უმცირებს პაციენტს გამოკვლევათა მოცულობას. ამავე დროს არცერთი თავმოყვარე გინეკოლოგი ექოს, კოაგულოგრამის, სარძევე ჯირკვლების პალპაციის და თერაპევტის კონსულტაციის გარეშე ჰორმონულ კონტრაცეპტივს არ დანიშნავს.
|