ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


როგორ დავგეგმოთ ნაყოფის სქესი?

ბევრი შეკითხვა მოდის მომავალი ბავშვის სქესის დაგეგმვაზე და ორსულობის ადრეულ ვადაზე ნაყოფის სქესის დადგენაზე. ვრცელდება ლეგენდები, რომ ამა–თუ იმ ექოსკოპისტმა სქესი 10 კვირაზე დაადგინა, რომ რომელიღაც დიეტით და ჩინური კალენდრით შეიძლება მომავალი ბავშვის სქესის დადგენა, მაგრამ ყოველივე ეს მტკნარი სიცრუე გახლავთ. 

ჩინური კალენდარით დაგეგმილი იმდენი არასასურველი სქესის ბავშვი დაიბადა და ზოგიც აბორტზე მოკლეს, რომ მისი განხილვა ხანგრძლივად სასაუბროდაც არ ღირს. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ გარკვეულ დღეებში ქალის ორგანიზმი არასასურველი ქრომოსომის მატარებელ სპერმატოზოიდების ფილტრაციას მოახდენს, ან განაყოფიერების უნარს დაუკარგავს, მწარედ ცდება

რაც შეეხება 9–10 კვირის ვადაზე სქესის გამოცნობას, აქაც სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ ვადაზე სასქესო ორგანოები ფორმირებული არ არის და ექოსკოპისტმა მეორადი სასქესო ნიშნებით უნდა იმკითხაოს სქესი. როგორც წესი, ასეთ დროს ვაჟების გადარჩევა ხდება, ხოლო გოგონას შემთხვევაში აბორტს იკეთებენ. ექოსკოპისტები, ვინც ამაზე მუშაობენ, თუ დარწმუნდნენ რომ ვაჟია, ამბობენ ვაჟს და თუ ვერ დარწმუნდნენ, მაშინ ამბობენ გოგოს. ასე და ამგვარად ე.წ. "სქესის დამდგენლებს" უამრავი ვაჟი ჰყავთ აბორტზე "გაშვებული", როცა მათ სქესში ვერ დარწმუნდნენ და მაინც საკმაოდ ხშირია 20–25%, როდესაც ასეთ ვადებზე ვაჟს ამბობენ და გოგონა იბადება.

ჩვენ გვინდა მივმართოთ ყველა მომავალ მშობელს – ნუ მოკლავთ შვილს სქესის გამო, თქვენ არც კი იცით რამდენი ოჯახი ნატრობს ორსულობას, თქვენ კი აბორტს იკეთებთ იმიტომ რომ მესამე გოგო აღარ გინდათ. თუკი უფალმა შვილი გაჩუქათ, შეირგეთ მისი საჩუქარი.

ერთადერთი შეცდომა რომელსაც კლინიკა "მედეას" ადმინისტრაცია ექოსკოპისტს ყოველთვის აპატიებს, ეს ნაყოფის სქესია. არც თუ იშვიათად ჰიპერტროფირებული კლიტორი შეიძლება პენისს ჰგავდეს, რამაც შეიძლება სქესის არასწორად დადგენა გამოიწვიოს, მაგრამ ეს ჩვენ არ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად.

სასურველი სქესის ბავშვის გაჩენა გარანტირებულად შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერებით, მიღებული ემბრიონების მოლეკულურ–ბიოლოგიური ანალიზით და შემდგომ საშვილოსნოში მხოლოდ სასურველი სქესის ემბრიონთა იმპლანტაციით. ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და საქართველოში ამჟამად არ ხორციელდება. ხოლო სადაც კეთდება 10 000 აშშ დოლარზე ნაკლები არ ღირს. თანაც, როგორც ყველა ინ–ვიტრო პროცედურაზე, არ არის გარანტია ორსულობის მიღწევისა.

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili