ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


ინსემინაცია მამასის მეთოდით

ინსემინაციის ეს მეთოდი შემოთავაზებულია ბერძენი მეან–გინეკოლოგის ლეონიდას მამასის მიერ 2006 წელს. ავტორი ამ მეთოდს უწოდებს საშვილოსნოსშიდა ტუბოპერიტონიალურ ინსემინაციას.

მეთოდის იდეა მდგომარეობს შემდეგში – სპერმის გაწმენდისას მიღებული სპერმატოზოიდები ზავდება არა 0,2–დან 0,5 მლ–მდე საკვებ არეში, არამედ 10 მლ–ში და ხდება ამ 10 მლ სითხის შეყვანა საშვილოსნოს ღრუში.

რა თქმა უნდა 10 მლ ღრუში ვერ დაეტევა და სითხე სპერმატოზოიდებთან ერთად გადადის მთელ მცირე მენჯში, ანუ დაუყოვნებლივ აღწევს მილებში და საკვერცხეებამდე, რაც იმის გარანტიას იძლევა რომ სპერმატოზოიდთა ნაწილი აუცილებლად მივა კვერცხუჯრედამდე.

როგორც ამტკიცებს მეთოდის ავტორი, მიღებული ორსულობების ფარდობითი სიხშირე 26% აღწევს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამავე დროს სამეცნიერო ლიტერატურაში არ არსებობს სხვა ავტორების მიერ დადასტურებული კვლევები ორსულობათა სიხშირის ასეთი ზრდისა.

ჩვენც ამჟამად ჯერჯერობით არ შეგვიძლია დავადასტუროთ მამასის შედეგები, რაც შეეხება თეზისს სპერმატოზოიდთა სამიზნემდე იძულებით მიყვანაზე, ჩვენ არც ამ მოსაზრებას არ ვიზიარებთ, რადგან თუ სპერმას განაყოფიერების უნარი არ აქვს, არც მის სამიზნემდე იძულებით მიყვანას აქვს აზრი, ხოლო თუ განაყოფიერების უნარი აქვს, ის საშვილოსნოს ფუძიდან საკვერცხემდე გზას თვითონაც გაივლის, მითუმეტეს რომ მათი შეშვება საშვილოსნოს ღრუში წნევით ხდება ჩვეულებრივი ინსემინაციის დროსაც.

ერთადერთი, რაც ჩვენ ამ მეთოდში გვხიბლავს არის ის, რომ სპერმასთან ერთად ქალის ორგანიზმში ხვდება 10 მლ საუკეთესო საკვები არე სპერმატოზოიდებისათვის. თუ ქალის მცირე მენჯში ანთებებია ან რაღაც მიზეზის გამო ქალის ქსოვილური სითხის შემადგენლობა არ არის კარგი სპერმატოზოიდებისათვის, მაშინ 10 მლ საკვები არე შედარებით დიდხანს შეინარჩუნებს სპერმატოზოიდებს ცოცხალს და აქტიურ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება ორსულობის სიხშირე მართლაც გაზარდოს, თუმცა რამდენად მიაღწევს 26%–ს, ამის თქმა ნამდვილად არ შეგვიძლია

მეორე მხრივ ინსემინაცია მამასის მეთოდით ყოველთვის მტკივნეულია ქალისათვის, განსხვავებით ჩვეულებრივი ინსემინაციისაგან, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სრულიად უმტკივნეულოა, თუმცა მტკივნეულობა არც ისე ძლიერია, რომ ანესთეზია გახდეს საჭირო.

უფრო დეტალური ინფორმაცია და საიმიჯო ვიდეო იხ. ავტორის საიტზე: http://www.iutpi.eu/en.html

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili