ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


სპერმის კრიოკონსერვაცია

სპერმის კრიოკონსერვაცია მისი შემდგომი გამოყენებისათვის ფართოდ მიღებული პრაქტიკაა. კრიოკონსერვაციის თანამედროვე მეთოდები უზრუნველყოფენ სპერმის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას 75%–ით. სპერმა მუშავდება სპეციალური კრიოკონსერვანტით, შემდეგ ჯერ ცივდება –70 გრადუსამდე თხევადი აზოტის ორთქლში და შემდეგ ინახება თხევად აზოტში.

შენახვა შესაძლებელია 5 წლის განმავლობაში.

სპერმის კრიოკონსერვაციას იყენებენ ოლიგოსპერმიანი პაციენტები ინსემინაციის წინ სპერმის რაოდენობის გასაზრდელად, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებას რომ აზრი ჰქონდეს, სპერმის საერთო რაოდენობა ეაკულატში 3 მლნ მაინც უნდა იყოს.

მოგეხსენებათ, რომ ინსემინაცია შესაძლებელია თვეში ერთხელ, როდესაც ოვულაცია დგება. სპერმატოგენეზი კი უწყვეტი პროცესია და სპერმის აღება შესაძლებელია ნებისმიერ დღეს. ამიტომ მამაკაცი მიდის კლინიკაში ინსემინაციამდე რამდენიმე დღით ადრე და იღებს სპერმას ყოველ ორ დღეში ერთხელ, რომელიც იყინება და ინახება თხევად აზოტში.

ინსემინაციის დღეს ხდება წინასწარშენახული ეაკულატების ამოღება აზოტიდან, გალღობა, შეერთება და დამუშავება, რითაც მკვეთრად იზრდება ინსემინაციის პროცესში გამოყენებულ სპერმატოზოიდთა რაოდენობა.

მაგალითად – ვთქვათ პაციენტს ეაკულატში საშუალოდ აქვს 5 მლნ მოძრავი სპერმატოზოიდი. ჩვეულებრივი ინსემინაციისას მხოლოდ ამ 5 მლნ–ის შეყვანა მოხდება;

თუ მამაკაცი ინსემინაციის წინა ერთი თვის  განმავლობაში სპერმის კრიოკონსერვაციას ახდენდა, ანუ 15–ჯერ ჩააბარა სპერმა კრიოკონსერვაციისათვის, მაშინ გამოყენებული სპერმატოზოიდების რაოდენობა იქნება 5*15 –ის 75%, ანუ 56,3 მლნ მოძრავი სპერმატოზოიდი პლუს ინსემინაციის დღეს აღებული 5 მლნ, ანუ 61 მლნ  მოძრავი სპერმატოზოიდი, რაც პრაქტიკულად ნორმალური მამაკაცის შედეგია.

ყველა მამაკაცისათვის კრიოკონსერვაციათა საჭირო რაოდენობა ინდივიდუალურია.

მართალია კრიოკონსერვაცია არ არის იაფი პროცედურა – ერთი ეაკულატის კრიოკონსერვაცია 38 ლარი ჯდება, რაც ინსემინაციის ღირებულებას ზრდის. თუ 15 პროცედურა დაგჭირდათ, დამატებით 570 ლარია გადასახდელი, რაც ინსემინაციის ღირებულებასთან ერთად 820 ლარამდეც შეიძლება ავიდეს, მაგრამ მიუწვდომლად ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს და ბევრად მცირეა ინ-ვიტრო პროცედურის ფასზე.

თუ ეაკულატში 1 მლნ–ზე ნაკლები სპერმატოზოიდია, კრიოკონსერვაციის ღირებულება უკვე პრაქტიკულად ინ–ვიტრო პროცედურის ღირებულებას აღწევს და რეკომენდირებული აღარ არის. თუმცა ინ–ვიტროსაგან განსხვავებით, ეს პროცედურა ქალისათვის არაინვაზიურია და რაიმე საფრთხეს ქალის ჯანმრთელობისათვის არ წარმოადგენს.

რაც მთავარია, კრიოკონსერვაცია ეს არის მამაკაცის დახმარება და ქალბატონი ამ დროს უნდა იყოს მაქსიმალურად მზად განაყოფიერებისათვის – ჰორმონული ფონი მოწესრიგებული, მილები გამტარი, ოვულაციის მომენტი დაფიქსირებული და ა.შ.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ინსემინაცია და კრიოკონსერვაცია არ იძლევა ორსულობის დადგომის გარანტიას. ეს არის მხოლოდ ალბათობის გაზრდა, რადგან აბსოლუტურად ჯანმრთელი წყვილის შემთხვევაშიც, ერთ თვეში ორსულობის დადგომის ალბათობა 30 %–ზე მეტი არ არის და ერთი წელი (12 თვე!) ორსულობის არდადგომა ესეც ნორმის ვარიანტია. მეორე მხრივ ალბათობის რეალიზაცია არ მოხდება, თუ არ სცადეთ.

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili