რა ხდება გინეკოლოგთან ვიზიტისას?
1. საუბარი
კარგი ექიმის პირველი შეკითხვა როგორც წესი არის "რა გაწუხებთ", რის საპასუხოდაც თქვენ რაც შეიძლება დეტალურად უნდა აღწეროთ თქვენი ჩივილები. ექიმს ესაუბროთ მხოლოდ სიმპტომებზე, შეგრძნებებზე, თარიღებზე, რეაქციასა და ხდომილებებზე. არავითარ შემთხვევაში არ ისაუბროთ თქვენს დასკვნებზე და სავარუდო დიაგნოზებზე. არ არის საჭირო საუბრის დაწყებისას გადმოიღოთ მთელი დასტა ლაბორატორიული დასკვნებისა და სხვა ექიმთა დიაგნოზებისა. ექიმმა შეიძლება ამ ქაღალდების წაკითხვის ცდუნებას ვერ გაუძლოს და დრო დაკარგოს. ექიმთან საუბარი, მის შეკითხვებზე თქვენს მიერ დეტალური პასუხების გაცემა არის ფრიად მნიშვნელოვანი ექიმისათვის. არ არის საჭირო დაუყოვნებლივ გახდა და გინეკოლოგიურ სავარძელზე აძვრომა – შემდეგ ისევ თქვენ დაიწუწუნებთ, რომ ექიმმა არ მოგისმინათ. საუბრის ბოლოს ექიმს უკვე ექნება წინასწარი დიაგნოზი, რომლის გადასამოწმებლად შეიძლება მას ულტრაბგერითი და ლაბორატორიული გამოკვლევები დასჭირდეს. თუ ვიზიტის დრო შეზღუდულია, უმჯობესია იგი საუბარზე დაიხარჯოს, ანალიზებს ექიმის გარეშეც ჩააბარებთ. ნუ გაიკვირვებთ ექიმის ერთი შეხედვით უცნაურ შეკითხვებს, როგორიცაა თქვენი ნათესავების მემკვიდრეობითი დაავადებები, ბავშვობაში გადატანილი ინფექციები და სხვ. ანამნეზის შეკრებას სერიოზულად უნდა მოვეპყროთ. მხოლოდ საუბრის დამთავრების შემდეგ აჩვენეთ ექიმს თქვენი ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები და მანამდე გაკეთებული სამედიცინო დასკვნები, რომლებიც აუცილებლად თან უნდა იქონიოთ.
2. გასიჯვა
ა) თქვენ მიდიხართ ტუალეტში და ცლით შარდის ბუშტს.
– ეს აუცილებელია, რადგან შინაგანი სასქესო ორგანოების გასინჯვისას, შარდის ბუშტი ხელს უშლის ექიმს. კარგი იქნება ასევე წინასწარ გამწმენდი ოყნის გაკეთებაც. თუ თქვენ ქალწული ბრძანდებით ეს უკანასკნელი უბრალოდ აუცილებელია
ბ) სარძევე ჯირკვლების გასინჯვა
– არსებობენ სპეციალისტი მამოლოგები, რომელთა კომპეტენციაც არის ძუძუს დაავადებათა მკურნალობა, მაგრამ გინეკოლოგებსაც შეუძლიათ ზოგადი მდგომარეობის შეფასება და დაავადების აღმოჩენა. სარძევე ჯირკვლების პერიოდული გასინჯვა ექიმის მიერ აუცილებელია და რადგან გინეკოლოგთან უფრო ხშირად მიდიხართ, ვიდრე მამოლოგთან, ამიტომ მათი გასინჯვაც უნდა ჩატარდეს.
გ). თქვენ იხდით
– ამისათვის სასურველია სახლშივე მოემზადოთ და ისე ჩაიცვათ, რომ ტანსაცმლის რაც შეიძლება ნაკლები ფენის გახდამ მოგიწიოთ. მაგ. ჩაიცვით ჩულქები კოლგოტების ნაცვლად, ფართე ქვედაბოლო შარვლის ნაცვლად.
დ) თქვენ წვებით გინეკოლოგიურ სავარძელზე
– გინეკოლოგიურ სკამზე დაწოლის წინ თქვენ უნდა გაიხადოთ ფეხსაცმელები და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მეტლახის ფილებზე მოგიწევთ, რომლებიც ყოველთვის ცივია. კარგ კლინიკაში თქვენ სამანიპულაციოში შესვლის წინ ერთჯერად ბახილებს ჩაგაცმევენ, რომლებიც საკმაოდ თხელია. ამიტომ თუ ზაფხულის ცხელი დღეები არ არის, სასურველია გეცვათ თბილი წინდები.
– გინეკოლოგიურ სკამზე დაწოლისას მიაქციეთ ყურადღება, რომ ერთჯერადი ქაღალდი დააფინონ მასზე, თუ ისეთ კლინიკაში მიდიხართ, სადაც ასეთი რამ პრაქტიკაში მიღებული არ არის, წაიღეთ პირსახოცი სახლიდან.
ე) ექიმს შეჰყავს სარკე საშვილოსნოს ყელის დასათვალიერებლად და მიკროფლორის ანალიზის ასაღებად
– სავარძელზე უნდა იწვეთ მოშვებული (ცოტა დამცინავად ჟღერს, მაგრამ მოშვება ნამდვილად საჭიროა!), ხელები მკერდზე დაიწყოთ და ღრმად ისუნთქოთ. არც ეცადოთ იმის დანახვას რას აკეთებს ექიმი. ხელი არ წაიღოთ ინსტრუმენტისაკენ ან გაექცეთ გინეკოლოგიურ სარკეს ზემოთ. რკინასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ინსტრუმენტს მაინც თავის ადგილას ჩადგამენ, ხოლო თქვენთვის გასინჯვა უფრო უსიამოვნო იქნება. ამიტომ უმჯობესია მორალურად მოვემზადოთ ამ უმტკივნეულო, მაგრამ ცოტა უსიამოვნო პროცედურისათვის და მოეშვათ. როდესაც სარკის შეყვანა დაიწყება, უმჯობესია გაიჭინთოთ და ამით საშო უფრო გახსნათ. ერთჯერადი სარკე უფრო თბილია, თუმცა მექანიკურად ნაკლებად მტკიცეა და შეიძლება პირებიც ბასრი აღმოაჩნდეს.
ვ) მიკროფლორის ანალიზი (ნაცხი)
– მისი აღება ხდება ერთჯერადი შპატელით. ნაცხის აღებისას ექიმმა ხელთათმანი უნდა გაიხადოს, რადგან ტალკი, რომელიც ხელთათმანზეა, საანალიზო სურათს ამახინჯებს. ასევე არ შეიძლება სარკეზე ნარჩენის გამოყენება – ზოგიერთი ექიმი სარკის გამოღების შემდეგ მასზე დარჩენილ გამონადენს სასაგნე მინაზე გადაიტანს ხოლმე, რაც არ არის სწორი. ნაცხის აღება ხდება პირველ რიგში სარკის ჩადგმის შემდეგ. ნაცხის აღება ხდება სამი წერტილიდან (ყოველ შემთხვევაში ორი უკანასკნელიდან მაინც) – შარდსაწვეთის გარე გამოსავლელიდან, საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან. მასალა სასაგნე მინაზე თავსდება ცალ–ცალკე და აღინიშნება შესაბამისად. შემდეგ მინას აშრობენ ჰაერზე და მიაქვთ ლაბორატორიაში.
მხოლოდ ამის შემდეგ არის შესძლებელი კოლპოსკოპიის ჩატარება და ბიმანუალური (ორივე ხელით) გასინჯვა.
ზ) კოლპოსკოპია
– ამ გამოკვლევის ჩატარება უნდა იცოდეს ყველა გინეკოლოგმა, თუმცა მისი ჩატარება ყოველთვის არ არის აუცილებელი. იგი საშვილოსნოს ყელის სტერეომიკროსკოპულ გამოკვლევას გულისხმობს. თქვენ ვერავინ გეტყვით რომ გაქვთ საშვილოსნოს ყელის ეროზია ამ გამოკვლევის გარეშე. ეს ცოტა ხანგრძლივი გამოკვლევაა (დაახლ. 15 წთ), რომელსაც ექიმი მჯდომარე ან მდგომარე თქვენთან საუბრის გარეშე ატარებს. ამიტომ მოემზადეთ ხანგრძლივი წოლისათვის და ნუ შეუშლით ხელს ექიმს შეკითხვებით (რა მჭირს ექიმო–ს მსგავსი), თორემ უფრო დიდხანს მოგიწევთ გინეკოლოგიურ სავარძელზე წოლა სარკეჩადგმულ მდგომარეობაში.
თ) ბიმანუალური გასინჯვა
– ვაშა, სარკის გამოღების დროც დადგა. გამოღებისას ისევ გაჭინთვაა საჭირო, რომ მოხდეს მისი ადვილად და უმტკივნეულო გამოღება. ექიმი იცვლის ხელთათმანებს და შეჰყავს საჩვენებელი და შუათითები საშოში. სარკის შემდეგ ამას თქვენ ვერც იგრძნობთ. მარცხენა ხელით ექიმი ახდენს მუცლის გასინჯვას. თქვენ ხელები ამ დროს ისევ მკერდზე უნდა დაიწყოთ და ექიმს ხელი არ შეუშალოთ. ექიმი ამ დროს სინჯავს საშვილოსნოს და საკვერცხეებს, აფასებს მათ ზომას და ა.შ. ამ დროს ექიმს უნდა დეტალურად აღუწეროთ რას გრძნობთ და სად. ეს გამოკვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია ქრონიკული ანთებითი და შეხორცებითი პროცესების გამოსავლენად. ექოსკოპია ბოლომდე ვერ ცვლის ბიმანუალურ გამოკვლევას.
ამის შემდეგ რა თქმა უნდა შეიძლება დაინიშნოს სხვა ანალიზები და გამოკვლევები, აქ ჩვენ მოვიყვანეთ საბაზისო, სავალდებულო მინიმუმი ექიმის მოქმედებისა პაციენტის პირველი ვიზიტისას.
|