ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


ორსულობისათვის მზადება

თბილისის ქალთა კონსულტაციებში მომუშავე გინეკოლოგთა 99%–ს (მათ შორის ბევრ კარგ ექიმსაც) რომ ორსულობისათვის მომზადების თხოვნით მიმართოთ, თვალები შუბლზე აუვა, თუ გაიგო რომ მომზადების გარეშე დაორსულება არც გიცდიათ. ისინი შემოგხედავენ როგორც მთვარიდან ჩამოვარდნილს და გაოცებულები გეტყვიან: თუ არაფერი გაწუხებს, წადი, დაორსულდი და შემდეგ მოდი. ეს მათ გაუნათლებლობაზე და არაკვალიფიციურობაზე არ მეტყველებს, უბრალოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ასეთი პრაქტიკა და ტრადიცია არ არსებობს.

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ გართულებათა უმეტესობა, რომელიც ორსულობისას ვითარდება, თავიდან შეიძლება ავიცილოთ ორსულობამდე – კერძოდ შევავსოთ ვიტამინთ დეფიციტი, გამოვიკვლიოთ დაავადებები და მათდამი მიდრეკილება და სხვ.

არსებობენ მდგომარეობები, რომელთა სახიფათო გავლენა ნაყოფზე შეიძლება მთლიანად ავიცილოთ. მაგალითად, წითურაზე იმუნიტეტის არქონა. გაქვთ თუ არა წითურა გადატანილი, ამას მშობლები ზუსტად ვერასოდეს გეტყვიან, წითურა შეიძლება ისე გადაიტანეთ ბავშვობაში, როგორც მწვავე რესპირატორული დაავადება. ამიტომ უნდა გაისინჯოთ წითურაზე IgG ანტისხეულების არსებობა სისხლში. თუ ეს ანტისხეულები არ გაქვთ, ე.ი. წითურა არ გადაგიტანიათ. სასურველია ვაქცინაცია და 3 თვე ორსულობისაგან თავდაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორსულობის მთელი 9 თვე სტრესი და ავადმყოფობის შიში გექნებათ, ინფიცირების შემთხვევაში კი ნაყოფის სიმახინჯის განვითარების შანსი 50%–ზე მეტია და გინეკოლოგი აუცილებლად ორსულობის შეწყვეტას გირჩევთ.

იოდდეფიციტი, რომელიც არსებობს საქართველოშიც, ცუდად აისახება ახალშობილის საერთო მდგომარეობაზე, განსაკუთრებით მის გონებრივ შესაძლებლობებზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 20 მლნ ადამიანის გონებრივი ჩამორჩენილობა იოდდეფიციტის შედეგია. კვებითი იოდდეფიციტის დიაგნოსტიკა ძალიან მარტივია – ამისათვის შარდში იოდის კონცენტრაცია ან იოდ/კრეატინინის შეფარდება უნდა იქნეს გამოკვლეული.

არის მდგომარეობები, რომელთა მთლიანად გამოსწორება არ ხერხდება, მაგრამ მათი ცოდნა ორსულობის დასაწყისშივე, საშუალებას იძლევა პრობლემები მაქსიმალურად შევამციროთ და ნაყოფის ჯანმრთელობაზე პრაქტიკულად არ აისახოს. ასეთი მდგომარეობებია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და მამაკაცის ჰორმონთა მომატებული კონცენტრაცია.

ხშირად ქალებს მხოლოდ იმიტომ არ უნდათ გასინჯვა, რომ მათ არაფერი აწუხებთ და თავს კარგად გრძნობენ. უბედურებაც ისაა, რომ ორსულობის გართულებები სუბიექტურად მხოლოდ ორსულობის დროს ვლინდება და მანამდე მხოლოდ ანალიზებით შეიძლება დავადგინოთ მათი არსებობა, მაგალითად ანტისხეულები რეზუს ფაქტორზე. არაორსულ ქალს ისინი არ შეაწუხებენ.  

პროფილაქტიკა სერიოზული და სახიფათო მდგომარეობების ხშირად საკმაოდ მარტივია. მკურნალობა ეფექტურობით ყოველთვის ჩამორჩება პროფილაქტიკას. მკურნალობა – ყოველთვის განწირულის ნაბიჯია, გვერდით მოვლენებზე თანხმობა ძირითადი დაავადების განკურნებისათვის.

თეორიულად ორსულობის წინ უამრავი სხვადასხვა გამოკვლევა შეიძლება დაინიშნოს, რომელთა დანიშვნა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა და ამ პუბლიკაციით შეშინებული ნუ გაიქცევით ლაბორატორიაში ანალიზების ჩასაბარებლად ექიმის გარეშე. დაე ექიმმა განსაზღვროს რომელი ანალიზების გაკეთება ღირს და რომლის არა.

თუ მაინც თვლით, რომ ექიმთან მისვლა ზედმეტი ხარჯია (ეს უსაქმურები აუცილებლად რაღაც მიზეზს მიპოვიან და ფინანსურად მომწველიან), რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

1. ორსულობამდე სულ ცოტა 1 თვე მაინც მიიღეთ პოლივიტამინები ორსულებისათვის. მეუღლემაც მიიღოს ხარისხიანი პოლივიტამინები და ორივემ ფოლიუმის მჟავა 1 აბი ორჯერ დღეში ჭამის შემდეგ (კუჭი რომ არ გააღიზიანოს). ეს მკვეთრად ამცირებს ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების სიხშირეს (სხვა დეფექტების სიხშირესაც).

2. შეცვალეთ საკუთარი გრაფიკი და წადით შვებულებაში დაორსულებამდე, ხოლო შვებულებისას თავი დაიცავით მექანიკური საშუალებებით (პრეზერვატივი)! ორსულობისას ძლიერ არასასურველია კლიმატის მკვეთრი შეცვლა და თვითმფრინავი. როცა დაორსულდებით, იცოდეთ სრულფასოვანი დასვენება სულ ცოტა ორი წლითაა გადადებული. ამიტომ აცალეთ ორგანიზმს დაისვენოს, რათა ორსულობა ადვილად გადაიტანოს.

3. თქვენ არ უნდა გქონდეთ დროის ლიმიტი, რომ ბავშვი მოასწროთ სხვა ბინაში გადასვლამდე, სამსახურის გამოცვლამდე, დიპლომის დაცვამდე ან რაიმე ღირსშესანიშნავ თარიღამდე.

4. არავითარ შემთხვევაში არ იქონით დაუცველი სქესობრივი კავშირი, თუ მეუღლე ან თქვენ ოდნავ მაინც ნასვამი ხართ, ნარკოტიკზე ლაპარაკიც ზედმეტია.  ეს დიდი ალბათობით (90%) ნაყოფის სიმახინჯეს ან ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს.

5. ნუ დაიწყებთ პროცესის კონტროლირებას. ნუ დაიწყებთ "ნაყოფიერი დღეების" დათვლას და ამ დღეებში მეუღლის იძულებას. პირიქით "არანაყოფიერ დღეებში" კი ნუ ეტყვით უარს მეუღლეს სიახლოვეზე. კავშირის შემდეგ ნუ ჰკრავთ მას ხელს, რომ რამდენიმე ხანი ზემოთ აწეული ფეხებით იწვეთ (მიღებული რომ აითვისოთ), ნურც შხაპზე იტყვით უარს. არ იქნება სწორი სიახლოვის ისეთ ფორმებზე უარის თქმა, რომელიც განაყოფიერებისათვის სულაც არ არის აუცილებელი.  ერთი სიტყვით მოეშვით და ისიამოვნეთ.  შვილს უფალი თავის დროზე მოგცემთ და ასე იგი თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის უფრო სასურველი და საყვარელი იქნება.

6. შეაფასეთ თქვენი ოჯახური მდგომარეობა – გაქვთ თუ არა ცხოვრების ისეთი რიტმი, რომ ახერხებდეთ დასვენებასაც. ორსულობამ შეიძლება წოლითი რეჟიმი მოითხოვოს, რაც სამსახურის გაცდენას გულისხმობს და შესაძლოა ოჯახში ვიღაცას თქვენი კოვზით კვებამ მოუწიოს.

7. ბავშვი არ უნდა გინდოდეთ ისეთი ოჯახური პრობლემების მოგვარების საშუალებად როგორიცაა ქმართან და დედამთილთან ურთიერთობა, თორემ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვის გაჩენით პრობლემები მხოლოდ მოგემატებათ.

და მაინც კიდევ ერთხელ გირჩევთ ორსულობამდე ექიმს მიმართოთ, რომელიც არ გაიკვირვებს თქვენს სურვილს მოემზადოთ ორსულობისათვის და რეალურად დაგეხმარებათ ამაში


 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili