ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


როდის გვჭირდება ექოსკოპია?

ულტრაბგერითი გამოკვლევა(ექოსკოპია) ერთადერთია რადიოლოგიურ გამოკვლევათა შორის, რომელიც არაინვაზიურია და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს პაციენტისათვის, განსხვავებით რენტგენოლოგიურ და ბმრ გამოკვლევებისაგან. გარდა ამისა, ულტრაბგერითი გამოკვლევა ყველაზე იაფიც არის რადიოლოგიურ გამოკვლევებს შორის (ციფრული რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ–მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფია) ექოსკოპიაზე ბევრად უფრო ძვირადღირებული გამოკვლევებია.

ამავე დროს გარკვეულწილად ულტრაბგერით გამოკვლევებს აქვს შეზღუდული შესაძლებლობები – კერძოდ ისინი არ გამოიყენება გაზშემცველი ორგანოების: ფილტვების, კუჭ–ნაწლავის ტრაქტისა და ძვლოვანი ქსოვილების გამოსაკვლევად.  სამაგიეროდ  ულტრაბგერითი გამოკვლევა არაინვაზიურობისა და სიიაფის გამო შეუცვლელია რბილი ქსოვილების, პარენქიმული ორგანოების გამოსაკვლევად.  ქალის სასქესო ორგანოების და ორსულობისას ნაყოფის გამოკვლევის ძირითადი მეთოდი  სწორედ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა გახლავთ.

ორსულობისას ულტრაბგერითი გამოკვლევა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სიხშირით ხდება. ეს დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობაზე და სამედიცინო დაზღვევის სისტემაზე. მაგალითად შვეიცარიელი ორსული ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტს კვირაში ერთხელ აკითხავს, ფრანგი თვეში ერთხელ, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე დიდი ფუფუნებაა.

 რა თქმა უნდა პრობლემები დედასა და ნაყოფს ორსულობის ნებისმიერ დღეს შეიძლება შეექმნას, მაგრამ ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას ოთხჯერადი გამოკვლევა სრულიად საკმარისია, თუ ისინი შესაბამის ვადებში ჩატარდა

პირველი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მენსტრუაციის დაგვიანებისთანავე, რამდენიმე დღეში, რათა დავადგინოთ ორსულობის ფაქტი და გამოვრიცხოთ გარე ორსულობა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამოკვლევაა. გარე ორსულობათა სიხშირემ უკანასკნელ წლებში ძალიან მოიმატა და მისგან არავინ არის დაცული. გარე ორსულობის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი ოპერაცია, რომლის მასშტაბიცა და გართულებებიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დიაგნოზის დროულად დადგენაზე.

მეორე გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ბოლო მენსტრუაციიდან 13–14 კვირის შემდეგ. ამ ვადაზე ძირითადად მთავრდება ორგანოგენეზი და შეიძლება ორგანულ სიმახინჯეთა და დეფექტების უმრავლესობის გამოვლენა. თუ სამედიცინო ჩვენებით, ნაყოფის სიმახინჯის გამო, ორსულობის შეწყვეტაა აუცილებელი, უმჯობესია მცირე ვადაზე შეწყდეს.

მესამე გამოკვლევა ტარდება 22–24 კვირის ვადაზე. ამ დროს ტარდება დოპლეროგრაფიული გამოკვლევა და ხდება ნაყოფის სისხლით და ჟანგბადით მომარაგების შესწავლა, ზრდაში ჩამორჩენის სინდრომის დიაგნოსტირება. ამ გამოკვლევით ხდება ორსულების დაყოფა რისკის ჯგუფებად და მათი შემდგომი მოვლის შესაბამისი ტაქტიკის არჩევა

მეოთხე გამოკვლევა ტარდება 32–34 კვირის ვადაზე. ეს გამოკვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია მშობიარობის ტაქტიკის შერჩევისათვის. ამ ვადაზე კიდევ ერთხელ ხდება ნაყოფის ყველა ორგანოს დეტალური გამოკვლევა, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი თავის ტვინი გახლავთ.

ამავე ვადაზე, როგორც წესი ყველა ორსულს მთელ მსოფლიოში უნიშნავენ ნაყოფის კარდიოტოკოგრაფიულ გამოკვლევას, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში შედარებით ნაკლებად არის სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული. ეს გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის საერთო მდგომარეობის შეფასებისა და სიცოცხლისუნარიანობის დასადგენად. კერძოდ ფეტოპლაცენტარული უკმარისობის ხარისხის დასადგენად კარდიოტოკოგრაფია ამ ვადაზე ულტრაბგერით გამოკვლევაზე უფრო ინფორმატიული გახლავთ. 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili