ბაზისური სპერმის ანალიზი – ჰიპერდიაგნოსტიკის მიზეზები და
გაურკვევლობები
დღეისათვის მამაკაცის ფერტილობის შეფასების ძირითადი მეთოდი ბაზისური სპერმის ანალიზია. როგორც დღევანდელი სტატისტიკა გვიჩვენებს, ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა სიხშირის მიხედვით პრაქტიკულად ერთნაირია. სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში ნაკლები ტრადიცია არსებობს მამაკაცის გამოკვლევის, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ სპერმის ანალიზი შედარებით ნაკლებ დაწესებულებაში ტარდება. ამასთან მამაკაცების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თუ მას ერექტილური დარღვევები არ აღენიშნება და სქესობრივი აქტის ჩატარების უნარი აქვს, სპერმის ხარისხის მხრივ პრობლემები არ უნდა ჰქონდეს, რაც არ არის სწორი. არაჯანსაღი გარემო, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ლოთობა, ნარკომანია, სქესობრივად გადამდები ინფექციები – აი მცირე ნაწილი იმ ფაქტორებისა, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინოს მამაკაცის განაყოფიერების უნარზე ერექტილური დარღვევების გარეშე.
სპერმის ანალიზი უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, თუმცა მხოლოდ უკანასკნელ წლებში გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები მისი სტანდარტიზაციის მიმართულებით. 80–იანი წლების ბოლოს და 90–იანი წლების დასაწყისში ევროპის ქვეყნებში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ძალზე ძნელი გახდა სხვადასხვა ექიმის მიერ და სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული ანალიზების შედარება, ამიტომ ჩრდილო ევროპის ანდროლოგთა სპეციალურმა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა სიტუაცია და შეიმუშავა ბაზისური სპერმის ანალიზის სტანდარტიზებული მეთოდიკა, რაც აისახა 1999 წ გამოსულ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალურ ინსტრუქციაშიც.
დღეს სიტუაცია თბილისში გაცილებით უარესია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში 15–17 წლის წინ. ახლაც კი ჩატარებულ ტრენინგებზე ლაბორანტებს მოძველებული მეთოდიკა და კრიტერიუმები გააცნეს. მაშ რას ითვალისწინებს ეს 1999წ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინსტრუქცია და რას არ ითვალისწინებენ თბილისელი ექიმები და ლაბორანტები?
|
2. მიკროსკოპი, რომელშიც უნდა მოხდეს ცოცხალი სპერმატოზოიდების რაოდენობის და ძვრადობის შეფასება, აუცილებლად უნდა იყოს ფაზოკონტრასტული, წინააღმდეგ შემთხვევაში მკვლევარმა უჯრედების ნაწილი შეიძლება ვერ დაინახოს. ეს პირობაც ჩვენს კლინიკათა აბსოლუტურ უმრავლესობაში დარღვეულია. სურათზე მიკროსკოპის პრეპარატის მაგიდის ქვემოთ ჩანს ფაზოკონტრასტული კონდენსორი. ამავე დროს თავად ობიექტივებიც უნდა იყოს ფაზოკონტრასტული.
|
3. მორფოლოგიის დეტალური შეფასებისათვის უნდა გამოყენებული იქნეს პაპანიკოლაუს მეთოდით შეღებვა – სწორედ ამ შეღებვისათვის არის დადგენილი ნორმალურ სპერმატოზოიდის ზომები და პროპორციები. ხოლო მორფოლოგიის შეფასებისას უნდა გამოყენებული იქნეს არაფაზოკონტრასტული მიკროსკოპი პლანარული ობიექტივებით, რომლებიც გამოსახულების გეომეტრიულ ფორმას არ ამახინჯებს და ხედვის ველის ცენტრში და პერიფერიაზეც ერთნაირი ფოკუსია. ასეთ მიკროსკოპებს ყოფილი საბჭოთა კავშირის მრეწველობა საერთოდ ვერ ამზადებდა!
მიზეზების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, თუმცა ჩამოთვლილი სამი მიზეზი არცთუ იშვიათად საკმარისია, რომ სპერმის ხარისხის შეფასება მოხდეს უარესობისაკენ ვიდრე სინამდვილეშია. შედეგად კი აღარ მოხდეს უშვილობის ჭეშმარიტი მიზეზის ძიება. ამავე დროს ხშირად პაციენტს რეკომენდაცია ეძლევა უფრო რთულ და ძვირადღირებულ პროცედურების ჩატარებისა, ვიდრე მას ეს სჭირდება. მაგალითად შეთავაზებული იქნეს in-vitro განაყოფიერება (ან უფრო ძვირი in vitro განაყოფიერება ICSI პროცედურით, რაც ერთი სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში ხელოვნურ შეყვანას გულისხმობს მიკრომანიპულატორის და მიკროინექტორის საშუალებით), როდესაც შესაძლებელია ჩვეულებრივი ინსემინაციაც საკმარისი იყოს ორსულობის მისაღწევად.
|