ელექტრონული სამედიცინო ბარათი
ჩვენს მიერ შეიქმნა პაციენტთა აღრიცხვისა და ავადმყოფობის ისტორიების მონაცემთა ბაზა, რომელშიც ფიქსირდება სრული ინფორმაცია პაციენტის შესახებ. ექიმს შეუძლია კლავიშაზე ორიოდ ხელის დაჭერით იპოვოს ყველა ლაბორატორიული, ულტრაბგერითი და სხვ. გამოკვლევის შედეგი.
ყოველ პაციენტს ენიჭება უნიკალური კოდი, რომელთანაც კავშირდება მასზე გაკეთებული თითოეული ჩანაწერი. პროგრამა მნიშვნელოვნად უადვილებს კლინიკის ხელმძღვანელობას გააკონტროლოს ექიმთა მუშაობა, შეამოწმოს დანიშნულებათა ადეკვატურობა და მნიშვნელოვნად გაიმარტივოს კლინიკის მართვის პროცესი სამედიცინო კუთხით.
პროგრამა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაღალკვალიფიციურ პროგრამისტთა ოთხკაციანი ჯგუფის მიერ იქმნებოდა დაახლ. 1,5 წლის განმავლობაში და უკვე ერთი წელია მისი ექსპლოატაცია ხდება სამედიცინო ცენტრ "მედეაში". ანალოგიური პროგრამების ფასი 300 000–დან 700 000 ევრომდე მერყეობს პლუს ყოველთვიური გადასახადი პროგრამის მომსახურებისათვის.
ერთი წელი რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა ასეთი მრავალფუნქციური პროგრამის გამოსაცდელად და ბოლომდე დასხვეწად, მაგრამ უკვე ამჟამად მისი შესაძლებლობები იმდენად მაღალია, საკითხში გარკვეული მნახველი ექიმების და პაციენტების აღფრთოვანებას იწვევს.
ამჟამად შესაძლებელია პაციენტებისათვის პასუხის გადაგზავნა ბინაზე. ამ შესაძლებლობას აქტიურად იყენებენ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები პაციენტები. ახლა მათ უხდებათ კლინიკაში მოსვლა მხოლოდ ანალიზის ჩასაბარებლად, პასუხს კი იღებენ ელექტრონული ფოსტით. მომავალში, როდესაც კლინიკის სერვერთან კავშირი გაუმჯობესდება, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ რეჟიმში მათზე გაკეთებული ყოველი ჩანაწერი მიიღონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ამჟამად ასეთი სერვისის შეთავაზება ჯერ კიდევ არ შეგვიძლია ჩვენს უბანში სატელეფონო კომპანიებისა და ინტერნეტ პროვაიდერების უაღრესად უხარისხო მუშაობის გამო.
კლინიკის ხელმძღვანელთა საყურადღებოდ: სამედიცინო ცენტრი "მედეა" 2007 წლის ივნისის შემდეგ დაიწყებს პროგრამის გავრცელებას მსურველთა შორის. პირველი ხუთი მსურველი პროგრამის ეგზემპლარს მიიღებს უფასოდ. პროგრამის მუშაობის ნახვა და პირობების დეტალური გაცნობა შესაძლებელი იქნება ადგილზე.
|