ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

სპირტიანი სასმელი

საქართველო ღვინის სამშობლოა და კარგი სასმელი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სუფრის მშვენება. ჩვენი ქალები არასოდეს არ ეჯიბრებოდნენ მამაკაცებს სმაში, მაგრამ კარგ სუფრაზე, მეგობართა გარემოცვაში ორიოდ ჭიქა ხალისის მოსამატებლად ნამდვილად არ არის ცუდი, თუმცა არა ფეხმძიმისათვის.

ალკოჰოლიზმის პრობლემა საქართველოში არასოდეს არ მდგარა ისე მწვავედ როგორც რუსეთში და არც ახლა დგას, გარდა იმისა, რომ ჩვენ იმდენს და ისე პათოლოგიურად არ ვსვამთ, ჩვენ უკვე გენეტიკურად შეგუებული ვართ ღვინოსთან, რაც არ უნდა იყოს 2500 წელზე მეტი გვაქვს სმის სტაჟი, მაგრამ ეს ფაქტი ორსულობისას თავის დასამშვიდებლად არ გამოდგება..

ორსული არასოდეს არ სვამს "მარტო". მას კომპანიონი ჰყავს ნაყოფის სახით. სპირტი უპრობლემოდ გადის პლაცენტაში და ხვდება ნაყოფის ორგანიზმში. ამასთან მავნეა არა მხოლოდ სპირტი (ეთანოლი), არამედ მისი დაშლის პროდუქტი – აცეტალდეჰიდი. სპირტს შეუძლია პლაცენტის და ჭიპლარის სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს, რასაც ნაყოფისათვის ჟანგბადის მიწოდების შემცირებას იწვევს. აცეტალდეჰიდი ამცირებს თუთიის შემცველობას ნაყოფის უჯრედებში და ამით ანელებს მათ ზრდა–განვითარებას. მასვე შეუძლია გამოიწვიოს მუტაციები ნაყოფის დნმ–ში, რაც ნაყოფის ორგანოგენეზის დარღვევას და სიმახინჯეებს იწვევს.გარდა ამისა ალკოჰოლი იწვევს ვიტამინების დეფიციტს, არღვევს ჰორმონთა მეტაბოლიზმს და ა.შ. შედეგად ზიანდება ნაყოფის მრავალი ორგანო და სისტემა, მაგრამ პირველ რიგში ცენტრალური ნერვული სისტემა.

ორსულობისას სასმელის მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ორსულობის შეწყვეტის, მცირე წონის ბავშვების დაბადების რისკს, ხოლო მძიმე შემთხვევებში ვითარდება ფეტალური ალკოჰოლური სინდრომი. ასე უწოდებენ ნაყოფის დაავადებას, რომელიც გამოწვეულია, მუცლადყოფნისას ნაყოფის ალკოჰოლური დაზიანებით. ეს სინდრომი ხასიათდება სახის სპეციფიური ანომალიებით, ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენით, გულის და სხვა ორგანოთა დაზიანებით.

ბოლო შტრიხი პორტრეტისათვის: მუცლადყოფნისას მიღებული ალკოჰოლური დაზიანებები შეუქცევადია და მკურნალობას პრაქტიკულად არ ექვემდებარება.

რა თქმა უნდა ასეთი სურთი ყოველთვის არ გვაქვს და თქვენ ალბათ გაგიჩნდათ ბუნებრივი შეკითხვები: რაზეა რისკი დამოკიდებული? დოზაზე? რეგულარობაზე? თუ რაიმე სხვაზე კიდევ?

ალკოჰოლური ზემოქმედების სიძლიერე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა დიდი როლი აქვს სასმელის დოზას და მიღების რეგულარობას. დიდი ალბათობით ფეტალური ალკოჰოლური სინდრომი უვითარდებათ ქალებს, რომლებიც ორსულობისას საშუალოდ დღეში 30 გრ სპირტის ეკვივალენტ სასმელს იღებდნენ. მაგრამ ამავე დროს, არც თუ იშვიათად ფეტალური ალკოჰოლური სინდრომი უვითარდებათ ქალებს, რომლებიც დღეში საშუალოდ 3–5 გრ. სპირტს იღებდნენ! ერთიანი უსაფრთხო დოზა ორსულებისათვის არ არსებობს, რადგან ალკოჰოლის მავნე ეფექტი დამოკიდებულია ქალის ორგანიზმის თავისებურებებზე, დედის შინაგანი ორგანოებისა და სისტემების მდგომარეობაზე, საკვებზე, სხვა მავნე ჩვევებზე, ნაყოფის გენოტიპზე, ორსულობის ვადაზე და სხვ. 

სრულიად ნათელია, რომ არ შეიძლება ნაყოფი უმცირესი რისკის ქვეშ დავაყენოთ. რა თქმა უნდა არ არის საჭირო პანიკა, თუ ერთი ბოკალი შამპანური მოწრუპეთ ან ორიოდ ყლუპი ცივი ლუდი მოსვით ზაფხულის ცხელ საღამოს, მაგრამ თუ ვინმე გეტყვით, რომ ყოველდღიური ჭიქა ღვინო სადილზე აუმჯობესებს სისხლმომარაგებას, ხოლო რომელიმე მცენარის 20–30 გრ სპრტხსნარი იმუნიტეტს აძლიერებს – იცოდეთ თქვენ ფეტალური ალკოჰოლური სინდრომის კანდიდატი ხართ თუ ამ რჩევას დაუჯერებთ.

ქვემოთ მოვიყვანთ ზოგიერთი სასმელის "ალკოჰოლურ ღირებულებას":

ლუდი 100 გრ 3,6 გრ. სპირტი
ღვინო 100 გრ 9,5 გრ. სპირტი
პორტვეინი 100 გრ 15,3 გრ. სპირტი
ლიქიორი 100 გრ 21გრ. სპირტი
არაყი, ვისკი, კონიაკი 100 გრ 38-42 გრ. სპირტი

 
კოქტეილები::    
სისხლიანი მერი 150 გრ 14 გრ. სპირტი
ჯინ–ტონიკი 100 გრ 7,1 გრ. სპირტი
ტეკილის 150 გრ 18,5 გრ. სპირტი


 

ასე რომ ყოველდღე 100 გრ. ლუდის მირთმევაც ნაყოფისათვის უკვე სახიფათოა, ასე რომ ჩვენი რეკომენდაცია კატეგორიულია – ალკოჰოლი ორსულობისას უნდა გამოირიცხოს. კიდევ უკეთესი, თუ სპირტიან სასმელებს დაორსულებამდე რამდენიმე ხნით (თუნდაც 3 თვით ადრე) აკრძალავთ. ამასთან ეს აკრძალვა მამაკაცებსაც ეხებათ – ალკოჰოლს შეუძლია სპერმატოგენეზის პროცესი დაარღვიოს და ეს კი მომავალი ნაყოფისათვის სერიოზული საფრთხეა

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili