ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

ექიმებს

კლინიკა მედეას ლაბორანტები არასოდეს დაწერენ იმას, რაშიც თვითონ არ არიან დარწმუნებული, რაც არ იქნა ნანახი მიკროსკოპში, იმუნოფერმენტულ და ბიოქიმიურ ანალიზატორებში, ელექტროფორეზზე და ა.შ. ამიტომ თუ თქვენ ლაბორატორია გჭირდებათ მხოლოდ თქვენი მოსაზრების დადასტურებისათვის, პაციენტს ჩვენს ლაბორატორიაში ნუ გამოაგზავნით. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაშიც ჩვენი კლინიცისტები ხშირად სცოდავენ, არის შედეგების ინტერპრეტაცია. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს

1. ნორმის შეფასება. ქალაქში ერთ–ერთ ცნობილ რეპროდუქტოლოგთან არაერთხელ გვქონდა დავა იმაზე, რომ ლაბორატორია ხშირად წერდა თირეოტროპინის მნიშვნელობას ნორმის ფარგლებში, მაშინ როდესაც კლინიკური სურათით თირეოტროპინი ნორმაზე მეტი უნდა ყოფილიყო. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტთათვის თირეოტროპინის მნიშვნელობა ნორმის ზედა ზღვართან იყო მიახლოებული. ასეთ შემთხვევაში კლინიცისტმა კლინიკური სურათიდან და სხვა გამოკვლევებთან შეფარდებით უნდა შეაფასოს სიტუაცია. მაგალითისათვის: სტატისტიკურად 65 კგ ნორმალური წონაა ზრდასრული ადამიანისათვის, მაგრამ თუ ადამიანის სიმაღლე 155 სმ–ია, ეს წონა ზედმეტია, ხოლო თუ 190 სმ, მაშინ ძალიან ცოტა. ანალოგიურად თირეოტროპინის შემთხვევაშიც, სტატისტიკურად ნორმალური სიდიდე კონკრეტული ადამიანისათვის შეძლება ბევრი ან პირიქით ცოტაც იყოს. ასე, რომ სტატისტიკური ნორმა აუცილებლად კლინიკურ სურათთან და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად უნდა იქნეს განხილული. ლაბორატორიას ევალება ერთი ან რამდენიმე კონკრეტული პარამეტრის გაზომვა და არა დასკვნების გაკეთება ექიმის მაგიერ.

2. ნორმიდან გადახრის შეფასება – გვქონდა შემთხვევა, როდესაც პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (PSA) ერთ ლაბორატორიაში მიღებული იქნა 10 ME/მლ, სამი დღის შემდეგ სხვა ლაბორატორიამ მიიღო 8,5 ME/მლ (ნორმა <4 ME/მლ). უროლოგმა, რომელიც პაციენტს მკურნალობდა,  პაციენტს უთხრა წარმოუდგენელი სისულელე, რომ 10 ME/მლ ეს პროსტატის კიბოს უტყუარი ნიშანია და 8,5 ME/მლ კი არა.  დაბნეული პაციენტი მესამე ლაბორატორიაში (ჩვენთან) მოვიდა ანალიზის გადასამოწმებლად.  სინამდვილეში კი აქ გადასამოწმებელიც არაფერია, დასაშვები ცდომილების ფარგლებში ეს ანალიზები ერთმანეთს ემთხვევა. PSA კი 10 ME/მლ –ზე უფრო მეტიც არაფრით არ ნიშნავს სიმსივნეს, თუ თავისუფალი ფრაქციის წილი არ არის მომატებული, რომელსაც ცალკე ანალიზი სჭირდება.

3. ნორმიდან გადახრის შეფასება – 12 წლის ბიჭუნას ჩვენს ლაბორატორიაში მიკროჰემატურია დაუდგინდა. ხედვის არეში 25–მდე ერითროციტი ჩანდა. მკურნალმა ექიმმა რამდენიმე დღის შემდეგ სხვა ლაბორატორიაში განმეორებითი ანალიზი დანიშნა და რადგან მიკროჰემატურია არ აღინიშნა, პირველი ანალიზი მცდარად ჩათვალა. აქ ორი რამ არის გასარკვევი:

      I. ექიმმა არ იცოდა, რომ ეს შედეგები ერთმანეთს არ გამორიცხავენ, რადგან შესაძლოა მოზარდ ბიჭებში მიკროჰემატურია მცირე ტრავმით ან სულაც მასტურბაციით იყოს გამოწვეული და მეორე დღესვე ანალიზში აღარ გამოვლინდეს.  მიკროჰემატურია შეიძლება ფუნქციურიც იყოს ფიზიკური გადატვირთვის გამო..
     II    ჩვენს კლინიკაში შარდის მიკროსკოპული გამოკვლევა ორმა ლაბორანტმა ცალ–ცალკე ჩაატარა და შემდეგ შედეგი კლინიკის ხელმძღვანელსაც აჩვენეს, ხოლო მეორე შემთხვევაში შემსრულებელი ერთი იყო. ნამდვილად საკითხავია ვინ უფრო იყო დასაჯერებელი.

ჩვენ გვესმის, რომ ხშირად ასეთი გაუგებრობები სათანადო ლიტერატურის მიუწვდომლობის გამო ხდება. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ლიტერატურითაც, თუ ჩვენთან მობრძანდებით. სამწუხაროდ წიგნების გატანებას ვერ დაგპირდებით, მაგრამ თქვენთვის საინტერესო მასალა აქვე შეიძლება წაიკითხოთ

 

 


 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili