მედეას
მენეჯმენტი რეკლამის, საიტის დიზაინისა და საზაფხულო არდადეგების
შესახებ
სამედიცინო ცენტრი მედეა არის კერძო კლინიკა,
რომელიც ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და შესაბამისად კანონი
ინფორმაციის საჯაროობის შესახებ არ ვრცელდება, თუმცა ჩვენ
ვცდილობთ მაქსიმალურად გახსნილი ვიყოთ შეკითხვებისათვის და
გავცეთ პასუხი შეკითხვებს, რომელზე პასუხიც არ გვევალება.
1. ბოლო დროს ჩვენი კლინიკის პაციენტებისაგან
და ინტერნეტ–მომხმარებლებისაგან რამდენჯერმე გაისმა ჩვენი
საიტის დიზაინის კრიტიკა, აგრეთვე აღნიშნული იქნა, რომ საიტზე
არის ორთოგრაფიული შეცდომები.
ორთოგრაფიული შეცდომებისაგან დაზღვეული
არავინ არის, მითუმეტეს ჩვენ ექიმები და ლაბორანტები ვართ
და არა ფილოლოგები. ამიტომ მათი აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ
მოგვაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, რომელიც დიდი მადლობით იქნება მიღებული.
რაც შეეხება საიტის დიზაინს, ჩვენ
გემოვნებაზე არავის ვედავებით. ჩვენი მიზანი არ იყო
ვებმასტერინგის შედევრის შექმნა. ასეთი შედევრი საკმაოდ ძვირი
ჯდება. ბოლოს მისი ფასი სამედიცინო მომსახურების ფასზე აისახება
და პაციენტების გადასახდელი გახდება, ასე რომ თუ ჩვენი
მენეჯმენტი მსგავს ნაბიჯზე წავიდა, დიზაინზე შენიშვნების მქონე
პაციენტებმა ასეთი პერსპექტივა გაითვალისწინეთ.
დიზაინზე შენიშვნების და წინადადებათა
უმრავლესობა მოდის წარუმატებელი
ვებმასტერებისაგან (სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან
კვალიფიციური და წარმატებული ვებმასტერი ადვილად მიხვდება ჩვენს
ჩანაფიქრს), რომელთა ირონიულ გამონათქვამებს ჩვენი საიტის
დიზაინის შესახებ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ გავცეთ პასუხი:
საიტი გაკეთებულია სწორედ ისეთი, როგორიც
იქნა ჩაფიქრებული და დაკვეთილი – მისი მთავარი დანიშნულება
ინფორმაციულობა, სწრაფი ჩატვირთვა და მოძველებულ ოპერაციულ
სისტემებთან და ბრაუზერებთან თავსებადობაა – ნუ დაგვავიწყდება
რომ საქართველოს ბევრ კუთხეში და თბილისშიც კი ინტერნეტი ხშირად
ძალიან ნელია, ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს კი სახლში ან სამსახურში
მამაპაპური პენტიუმ–1 უდგას Windows-98
ოპერაციული სისტემით და Internet Explorer 5.0
ვერსიით.
ასე რომ ბატონო "ვებმასტერებო", დამწყებთათვის
განკუთვნილ ჯავასკრიპტისა და ფლეშის ორიოდ სახელმძღვანელოს
წაკითხვის შემდეგ მოსული იდეები სხვა საიტების დიზაინის
გაუმჯობესებისათვის შეინახეთ და ასეთი წინადადებებით თქვენს
ძვირფას დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ.
2. ახლა გვინდა ვუპასუხოთ იმ უამრავ
გამომცემლობისა, სარეკლამო სააგენტოს, გამოცემის თუ ცნობარის
წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურად მოგვმართავენ რეკლამაზე
წინადადებით, შემდგომში დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ, რადგან
რეკლამის გაკეთების სურვილის შემთხვევაში, ჩვენ თვითონ
მოგნახავთ.
პირველი მიზეზი იმისა, რომ რეკლამას არ
ვაკეთებთ, არის მისი სიძვირე, რომელიც შემდგომ ფასებზე აისახება,
და პრაქტიკულად არ მოქმედებს პაციენტებზე. ჩვენ პირადად არ
ვანდობთ საკუთარ ჯანმრთელობას რეკლამირებულ ექიმებსა და
კომპანიებს, ვიდრე მათ კომპეტენციაში საკუთარი წყაროებით არ
დავრწმუნდებით.
კლინიკის საუკეთესო რეკლამა მისი შედეგებია
და ის ინფორმაცია, რასაც ჩვენი პაციენტები თავიანთ სანაცნობო
წრეში ავრცელებენ. თუ რეკლამაში ფული უნდა დავხარჯოთ,
ტელევიზიაში და ბეჭდურ მედიაში რეკლამის მიცემის მაგიერ ჩვენ
გვირჩევნია სადიაგნოსტიკო ტესტ–სისტემები შევიძინოთ და
მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისათვის ჰუმანიტარული აქცია მოვაწყოთ
– ყოველწლიურად ორ ასეთ აქციას მაინც ვმართავთ. ასეთი რეკლამით
მიღწეული პოპულარობა უფრო დამსახურებულია და უფრო შეესაბამება
"საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს ჩუენ".
3. კიდევ ერთი შენიშვნა, რომელიც პაციენტების
მიერ გამოითქვა – არის ზაფხულში კლინიკის დაკეტვა სამკვირიან
არდადეგებზე. ამ შენიშვნასაც ვერ გავიზიარებთ – ასეთივე
წარმატებით თქვენ შეგიძლიათ თქვენს ექიმს შვებულების უფლება
ჩამოართვათ. მედეა სასწრაფო დახმარების ცენტრი არ არის და ჩვენ
არაფერს არ ვაკეთებთ ურგენტულსა და დაუგეგმავს. ჩვენს
თანამშრომლებს არაფერი დაუშავებიათ საიმისო, რომ დასასვენებლად
შვებულებებისათვის საუკეთესო დროს არ გავუშვათ.
ჩვენ გვყავს საკმარისი კადრები იმისათვის,
რომ კლინიკა ზაფხულობით ერთი თვე არ დაიკეტოს, მაგრამ ამ
ადამიანებს თითო თვე შვებულება აუცილებლად უნდა მიეცეს და ამ
შემთხვევაში დაწესებულებას დაძაბულ რეჟიმში მინიმუმ ორი თვე
მოუწევს მუშაობა – მაგალითად ლაბორატორიაში თუ ორის მაგივრად
ერთი ლაბორანტი დარჩება, მას მოუწევს ანალიზთა მთელი სპექტრის
მარტო შესრულება, რაც აუცილებლად შეამცირებს ლაბორატორიის
მუშაობის საიმედოობას, თან მთელი ორი თვით.
ჩვენ არ გვიხარია კლინიკის დაკეტვა, ეს ჩვენთვის დაკარგული
შემოსავალია, მაგრამ უმჯობესია ამ დანაკარგს შევეგუოთ, ვიდრე
გარკვეული დროით საიმედოობა შევამციროთ. კლინიკა უწყვეტი
მუშაობის რეჟიმში ჯერჯერობით არ გადავა.
და რაც მთავარია – არდადეგების დროსაც ჩვენ
ვიღებდით პაციენტებს, რომელთა სამკურნალო პროცედურების შეწყვეტა
არ შეიძლებოდა. პრაქტიკულად კლინიკა მხოლოდ ახალი
პაციენტებისათვის იყო დაკეტილი.
|