ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 1

მაშ ასე, პირველი კვირა... რა თქმა უნდა ორსულობა ჯერ არ არის, რადგან ახლა თქვენ მორიგი მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ, მაგრამ გსურთ თუ არა, ორგანიზმმა უკვე თავიდან დაიწყო მზადება შესაძლო დედობისათვის. თქვენი ნერვული სისტემა იწყებს ჰორმონალური ფონის გადაწყობას, რათა თქვენი 300 000 კვერცხუჯრედიდან ერთერთი მოამზადოს განაყოფიერებისათვის. ამაზე მიდის დაახლოებით ორი კვირა.

თქვენი ორგანიზმისათვის ეს ჩვეული საქმეა. თავად განსაჯეთ, ეს ყოველთვიურად ხდება პირველი მენსტრუაციის შემდეგ, ვიდრე განაყოფიერება არ მოხდება. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერადაც ყველაფერი რიგზე იქნება. უმჯობესია ვისაუბროთ, როგორ მივეხმაროთ ორგანიზმს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში

საზოგადოდ ასეთი ღონისძიებები უმჯობესია გეგმიურ ორსულობამდე 3–4 თვით ადრე დაიწყოთ. ამ დროში ექიმი შეძლებს ბევრი თქვენი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას და შესაბამისად პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ეფექტი გაცილებით მეტი იქნება.

განსკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ორსულობამდე ორი გამოკვლევის გაკეთება: Toxoplasma godii IgG და Rubella IgG. ტოქსოპლაზმა და წითურა. ეს ორი ინფექცია ძალიან საშიშია ორსულობის დასაწყისში. ამიტომ თუ ამ იმუნოგლობულინებზე ტესტი დადებითია, ეს კარგიც არის, რადგან თქვენ უკვე გადატანილი გაქვთ ეს ინფექციები და გაგაჩნიათ იმუნიტეტი ამ დაავადებებზე. თუ ტესტი უარყოფითია, ორსულობისას მეტი სიფრთხილე გმართებთ. ნაკლები კონტაქტი უნდა გქონდეთ ცხოველებთან (ტოქსოპლაზმოზის საშიშროებაა, იხ. ქვემოთ) და საბავშვო დაწესებულებებთან (წითურას საშიშროება). ევროპაში და რუსეთშიც ქალს თუ Rubella IgG უარყოფითი აქვს, ურჩევენ ორსულობა 3–4 თვით გადადოს და ჯერ აცრა ჩაიტაროს ამ დაავადებაზე.

 თუ ორსულობისათვის მზადება აქამდე არ გიქნიათ, დაიწყეთ პირდაპირ ახლავე. აი რამდენიმე უნივერსალური რჩევა– დარიგება:

 მაქსიმალურად მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს – უარი თქვით სიგარეტსა და სასმელზე და თქვენი ოჯახის წევრებიც მაქსიმალურად აიძულეთ თქვენთან ერთად არ მოსწიონ.

კონტრაცეპტივები სახიფათოა ნაყოფისათვის, ამიტომ ორალურ კონტრაცეპტივებს თუ იღებდით, უკვე უნდა შეწყვიტოთ. ნებისმიერი პრეპარატი, დანიშნული ნებისმიერი ექიმის მიერ უნდა განიხილოთ ექიმთან, მოახდენს თუ არა იგი მავნე გავლენას კვერცხუჯრედზე და ნაყოფზე.

 თუ რაიმე მიზეზით არ გაკმაყოფილებთ თქვენი ექიმის განმარტება, მიაკითხეთ სამედიცინო გენეტიკის სპეციალისტს. მათ უფრო მეტი იციან პრეპარატების ნაყოფზე ზემოქმედებაზე. რაიმე წამლის მიღება ექიმის გარეშე საერთოდ შეწყვიტეთ.  ეს რეკომენდაციები აქტუალურია მთელი ორსულობის განმავლობაში.

განსაკუთრებით ფრთხილად რენტგენოლოგიურ გამოკვლევებთან, განსაკუთრებით თუ ეს გამოკვლევა მუცლის ან მენჯის არეში ხდება. თუ ამისი აუცილებლობა იქნა, მოდით ამ ციკლზე თავი დაიცავით ორსულობისაგან.

გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, რაც ნაკლებს ივლით ხალხმრავალ ადგილებში, მით ნაკლებია შანსი ინფექციური დაავადების (წითურა, მწვავე რესპირატორული დაავადებები). ეს დაავადებები ხშირად ძალიან საშიშია ნაყოფისათვის. სეირნობისათვის უმჯობესია ავტომაგისტრალებიდან დაშორებული პარკები და სკვერები. თუ თქვენი ოჯახის წევრებს სურდო აქვთ, გაუკეთეთ მარლის ნიღაბი და გაიკეთეთ თქვენც. ასეთ დროს რაციონში არ დაიშუროთ ხახვი და ნიორი.

ეცადეთ მიიღოთ მხოლოდ დადებით ემოციები. თქვენ დედობისათვის ემზადებით და ეცადეთ თავი ნაკლებად დაისტრესოთ.

თუ თქვენ აგრძელებთ სწავლას ან მუშაობას, გაანალიზეთ თქვენს სამუშაოზე არსებული მავნე ფაქტორები, რომელთაც თეორიულად შეუძლიათ ნაყოფზე მოქმედება (რადიაცია, ელ–მაგნიტური ველების ზემოქმედება, წამლებთან და ქიმიკატებთან კონტაქტი)

ამ პერიოდში ეცადეთ არ შეიძინოთ შინაური ცხოველები. განსაკუთრებით ეს შეეხება კატას.
კატები შეიძლება ტოქსოპლაზმით იყონ ინფიცირებულნი. ორგანიზმში პირველი მოხვედრისას ტოქსოპლაზმას შეუძლია ნაყოფის განვითარების ანომალიები გამოიწვიოს. მაგრამ თუ კატა დიდი ხანია თქვენთან ცხოვრობდა, თქვენ დიდი ალბათობით უკვე იმუნიტეტი გექნებათ ამ დაავადებისადმი. ამის გარკვევა შეიძლება, თუ გაიკეთებთ ტოქსოპლაზმის IgG ანალიზს. ყველა შემთხვევაში თქვენ ცხოველის კუთხე არასოდეს დაალაგოთ და არასოდეს არ შეეხოთ ჭურჭელს, რომლიდანაც ჭამს თქვენი ცხოველი. კატა და ძაღლი აღარ კვებოთ ნედლი ხორცით და შეზღუდეთ ცხოველთა კონტაქტი ქუჩაში სხვა ცხოველებთან. ძაღლს ორსულობამდე დიდი ხნით ადრე გაუკეთეთ აცრა ყველა დაავადებაზე, რომელსაც გირჩევთ ვეტერინარი

შეიძინეთ ვიტამინები ორსულისათვის, რომლებიც გაყიდვაში უამრავია. მაგ. მატერნა ან პრეგნავიტი. მთავარია, რომ ვიტამინი შეიცავდეს ფოლიუმის მჟავას არანაკლებ 0,4 მგ (დღიური დოზა). სწორედ ეს ვიტამინი, თუ მისი მიღება დაიწყება ორსულობამდე 3 თვით ადრე და გაგრძელდება პირველი 12 კვირა, იცავს ნაყოფს ბევრი თანდაყოლილი დეფექტისაგან.

 ყურადღებით წაიკითხეთ სტატია ორსულის კვებაზე ამ კალენდარში და სხვა წიგნებში მომავალი დედებისათვის. ეცადეთ აქედანვე დაიცვათ დიეტის უმნიშვნელოვანესი პრინციპები – საკვები უნდა ბალანსირებული იყოს ძირითადი ინგრედიენტებით.

ეხლავე შეზღუდეთ მაგარი ყავის და მაგარი ჩაის მიღება, ასევე დიდი რაოდენობით შოკოლადისა და ყველანაირი "კოლების" (კოკა–კოლა, პეპსი–კოლა, ფანტა, სპრაიტი) მიღება დიდი დოზებით.

თუ დაგეგმილი ორსულობის პირველი 4–6 კვირა უნდა მოდის გაზაფხულის ბოლო – ზაფხულის დასწყისზე, ეცადეთ შეზღუდოთ წინა წლის კარტოფილის მოხმარება და თუ მაინც მოიხმართ, კანთან ერთად კანქვეშა სქელი ფენა მოცალეთ  გათლისას და შემდეგ დიდხანს ხარშეთ. ამავე დროს ნიტრატებით გაძეძგილი ახალი კარტოფილის პირველივე მოსავალს საკვებად ნუ იხმართ.

მონახეთ დრო და გაიარეთ სამედიცინო შემოწმება. თუ თქვენ გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები, ეცადეთ ორსულობამდე მოაგვაროთ ისინი, მაგრამ ისე, რომ გაითვალისწინეთ ჩატარებული თერაპიის შედეგები მომავალ ნაყოფზე. თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ, ექიმთან ვიზიტი ზედმეტი არ იქნება. დაგეგმეთ ვიზიტი სამედიცინო გენეტიკის სპეციალისტთან (როცა საქართველოში შეიქმნება სამედიცინო გენეტიკის ნორმალური სამსახური)

ჯერჯერობით თქვენი პატარა მხოლოდ იდეაშია, ხოლო მისი წინაპარი კვერცხუჯრედი თქვენს საკვერცხეში დომინანტურ ფოლიკულშია მოთავსებული. მისი მეორე წინაპარისპერმატოზოიდი ჯერაც არ არის მომწიფებული მამის ორგანიზმში...

 

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili