კვირა 15
მაშ ასე, თქვენ უკვე შეხვედით მთავარი გმირის როლში შესანიშნავ სპექტაკლში, რომელსაც "მეორე ტრიმესტრი" ჰქვია. თქვენი ოჯახის წევრებმაც უკვე ანგარიში უნდა გაუწიონ ამ ფაქტს. ამ დროს ოჯახში მყარდება ნორმალური "სამუშაო" სამზადისი ახალი წევრის შემომატების წინ.ყველანი თქვენზე ზრუნავენ, გეხმარებიან. წაახალისეთ ისინი.
სარკეში შეიძლება აღმოაჩინოთ ყავისფერი ხაზი ბოქვენიდან ჭიპამდე. ამისი მიზეზი მელანინია. ისევ ჰორმონების ოინია. მშობიარობის შემდეგ გაქრება.
ბავშვს თავზე ამოსდის თმები, კანი ძალიან თხელია და უფრო წითელია, ვიდრე ვარდისფერი. მისი გული უკვე 23 ლიტრ სისხლს ტუმბავს დღე–ღამეში.
ნაყოფი უკვე პერიოდულად შარდავს. შარდი ერევა ამნიონურ სითხეს და ხელს უწყობს მისი ნორმალური შემადგენლობის შენარჩუნებას. მაგრამ ნაყოფის შარდი სულაც არ არის ამნიონური სითხის მთავარი კომპონენტი, ყოველ შემთხვევაში ახლა. ეს სითხე გამომუშავდება სანაყოფე პარკის უჯრედთა მიერ და დღე–ღამეში 8–10 ჯერ ახლდება. ეს საშუალებას იძლევა სტერილობის და ქიმიური შემადგენლობის შენარჩუნებისა.
სანაყოფე პარკს და სანაყოფე წყლებს თქვენი პატარასათვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ეს არის მექანიკური დაზიანებისაგან დაცვა, თავისუფალი მოძრაობა, დამხმარე საშუალება ფილტვების, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და თირკმელების განვითარებისათვის. ეს თქვენი პატარის პირველი გარემოა, რომელსაც იგი აქტიურად სწავლობს. ცალკე ორიოდ სიტყვა ამ გარემოს კომფორტულობაზე. წარმოიდგინეთ თბილი, სუფთა, პრაქტიკულად გამჭირვალე სითხე, რომელიც სამყაროს მკაცრ რეალიებს არბილებს და ამორტიზაციას უკეთებს – მიზიდულობის ძალას, მზის თვალისმომჭრელ სინათლეს, ქალაქის ხმაურს. აქ კი უწონობის სასიამოვნო შეგრძნებაა, სუსტი განათება, ხმები სასიამოვნოდ მოგუდული. იაპონლებმა გამოიგონეს "ხელოვნური საშვილოსნო", რომელშიც დაახლოებით ისეთივე პირობებია, როგორც რეალურში და იქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოთავსდეს, თუ ნაყოფის პოზას მიიღებს. ვინც იქ იყო, ყველა აღნიშნავს, რომ ასეთი რელაქსაცია და კომფორტი არასოდეს უგრძვნიათ (უფრო სწორედ დიდი ხანია არ უგრძვნიათ)
სითხე ნაყოფისათვის მისაღები და საყვარელი არეა. ამიტომ ბოლო დროს დიდ პოპულარობას იხვეჭს წყალში მშობიარობა და ცურვის ადრე სწავლება პატარებისათვის.
|