კვირა 24
თქვენი საშვილოსნო უკვე ჭიპზე ოდნავ მაღლაა. ახლა უკვე დროა გავეცნოთ ნაადრევი მშობიარობის ნიშნებს (ფუი ეშმაკს და ხეზე სამჯერ დააკაკუნეთ), რათა მოულოდნელობისათვის მზად ვიყოთ.
ნაადრევი მშობიარობა რამდენადმე უფრო ხშირია ზაფხულის თვეებში, რაც აიხსნება სიცხეში სითხის კარგვით. ამიტომ მიიღეთ სითხეები საკმარისი რაოდენობით, თუ ზაფხულია და თქვენ კი ორსულობის მეორე ტრიმესტრს ამთავრებთ.
ნაადრევი მშობიარობის ნიშნები შემდეგია:
-
საშვილოსნოს შეკუმშვები საათში 5–ჯერ და მეტჯერ
-
ალისფერი სისხლიანი გამონადენი
-
სახის და ხელების შესიება, (პრეეკლამპსიის ნიშანია)
-
ტკივილი შარდვისას
-
მწვავე ხანგრძლივი ტკივილი მუცლის არეში (პრეეკლამპსიის ნიშანია)
-
ძლიერი პირღებინება (პრეეკლამპსიის ნიშანია)
-
გამჭირვა;ლე სითხის მოულოგნელი დენა სასქესო გზებიდან
-
მონოტონური ყრუ ტკივილები წელის არეში
-
ძლიერი წნევის შეგრძნება მენჯის ქვედა არეში
ამ ნიშნების გამოვლენისთანავე (სხვადასხვა კომბინაციით) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ერთ–ერთი უარყოფითი მომენტი ასეთი ინფორმაციის მიღებისას არის ის, რომ ცოტა ხანში ყველა ჩამოთვლილი ნიშანი შეიძლება უცებ აღმოიჩინოთ საკუთარ თავზე. ნუ შეშინდებით და ძალიან ბევრს ამაზე ნუ იფიქრებთ! ცოტა ხანში დედა უნდა გახდეთ და ბავშვს რა უნდა ასწავლოთ, თუ თვითონ პანიკიორი ხართ! დაფიქრდით და ობიექტურად შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა. ჩვენი მიზანი თქვენი შეშინება არ არის, მაგრამ ზემომოყვანილი ინფორმაციის თქვენამდე მოტანა აუცილებელია. ზემოჩამოთვლილ სიმპტომთა (თუ ის რეალურია და არ გეჩვენებათ) იგნორირება არ შეიძლება.
ნაადრევი მშობიარობა ძალიან იშვიათია, მისი საშიშროება შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ და თუ ექიმს დროზე აკითხავთ და გამოკვლევებს დროზე იკეთებთ, პრაქტიკულად ნულია იმისი შანსი, რომ ნაადრევი მშობიარობა მოულოდნელად დაიწყოს, ხოლო მოსალოდნელი საშიშროების შემთხვევაში შეიძლება მისი თავიდან აცილება.
ექიმთან მისვლის დრო კი უკვე არის, თუ წინა კვირაში არ ყოფილხართ, ეხლა მაინც მიდით.
ნაყოფი იგროვებს ცხიმოვან ქსოვილს კანქვეშ. ამ ქსოვილს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, მისი წვისას ორგანიზმში გამოყოფა დიდი რაოდენობით სითბო და ატფ (სპეციალური ნივთიერება, რომელიც ენერგიით უზრუნველყოფს ყველა სასიცოცხლო პროცესს).
ახალშობილებს, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულებს, ძალიან უჭირთ მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ. ამ ვადაზე დაბადებულ ბავშვს პრაქტიკულად არ აქვს გადარჩენის შანსი. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც გადარჩენა ხერხდება, ექიმები იძულებულნი არიან ბავშვი სპეციალურ ინკუბატორში იყოლიონ 13–14 კვირის განმავლობაში. ამ დროს პატარას კანქვეშა ცხიმი ეხმარება.
ნაყოფი უკვე 600 გრამია, სიგრძეში 30 სმ–ია.
|