კვირა 4
თუ თქვენ ადვილად ღიზიანდებით უმიზეზოდ, ადვილად იღლებით, სარძევე ჯირკვლები გამკვრივდა, ძუძუს დვრილები ჩვეულებრივზე უფრო მგრძნობიარეა, ე.ი. ყვითელი სხეული თქვენს საკვერცხეში თავის საქმეს აკეთებს. ყოველივე ეს შეიძლება ორსულობის მანიშნებელი იყოს, მაგრამ ასეთივე სიმპტომები მორიგი მენსტრუაციის წინაც შეიძლება იყოს. მაშ ორსულად ხართ თუ არა? საბედნიეროდ არსებობს მარტივი საშუალება ამ კითხვაზე პასუხის გაცემისა.
ამ კვირაში თქვენს ორგანიზმში ჩნდება ქორიონული გონადოტროპინი, რომელიც ნორმაში არ უნდა იყოს არაორსული ქალის ორგანიზმში. მისი აღმოჩენა შეიძლება შარდში სპეციალური ტესტ–სისტემის დახმარებით. მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია, ოღონდ ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით უნდა გამოიყენოთ. თუ ტესტი დადებითია, ე.ი. ორსულად ბრძანდებით. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ტესტი უმჯობესია შემდეგ კვირაში ჩატარდეს, როდესაც ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაცია მოიმატებს, თორემ ამ კვირაში შეიძლება ტესტს მგრძნობელობა არ ეყოს
პირველი კვირის რეკომენდაციები კვლავ ძალაშია.
გახსოვდეთ რომ პირველი 12 კვირა განსკუთრებით მნიშვნელოვანი და კრიტიკულია ნაყოფისათვის შეცდომის დაშვება არ შეიძლება – შეცდომა ამ ვადაზე ძალიან ძვირი ჯდება. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაუყოვნებლივ ექიმთან!
ამ კვირაში აქტიურად ვითარდება ე.წ. ჩანასახისგარე ორგანოები. ასეთები სამია – ქორიონი, ამნიონი და ყვითრის პარკი. ეს დასახელებები თქვენთვის ალბათ ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მათ გარეშე შეუძლებელია ჩანასახის შემდგომი განვითარება. ამიტომ გამოყო ბუნებამ ეს კვირა მათ სასწრაფო "აწყობაზე" და შეამცირა თვით ჩანასახის ზრდის ტემპი.
ჩანასახისგარე ორგანოების ამოცანები მოკლედ შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ – კვების და სუნთქვის უზრუნველყოფა, ბიოქიმიური უზრუნველყოფა და ჩანასახის ყოველმხრივი დაცვა. ქორიონი შემდგომში იქცევა პლაცენტად, ხოლო ამნიონი სანაყოფე პარკად.
საინტერესოა, რომ ამ ორგანოების შესაქმნელად მამის გენები უფრო აქტიურად მუშაობენ, ვიდრე დედის. შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცის ფუნქციები – დაიცვას და ყოველმხრივ უზრუნველყოს ოჯახი, გენეტიკურ დონეზე ვლინდება.
თქვენი შვილი ახლა ჰგავს ბრტყელ დისკს, რომელიც რამდენიმე შრისაგან შედგება. თითოეული შრე წინაპარია სხვადასხვა ქსოვილისა და ორგანოსი, მაგრამ ამაზე შემდგომში.
|