რატომ ეშინიათ გინეკოლოგთან ვიზიტის?
1. მტკივნეულია – არავითარ შემთხვევაში! – ეს თქვენ გეშინიათ და იძაბებით. ტკივილს იწვევს კუნთების სპაზმი. დახედეთ თქვენს საჩვენებელ და შუა თითებს, სწორედ ამ ორი თითით ახდენს გინეკოლოგი გამოკვლევას. ორივე თითი ერთად გაცილებით უფრო მცირეა სასქესო ასოზე, ასე, რომ პალპაციით გამოკვლევა მტკივნეული არ არის.
2. მრცხვენია – ვაი თუ ვინმემ გაიგოს ან დამინახოს. თქვენც ისეთ ექიმთან მიდით, რომელსაც თქვენი ნათესავები და დაქალები ნაკლებად იცნობენ. ამასთან გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაცემა ექიმებს კანონით ეკრძალებათ და ამ კანონს კი ჩვენი ექიმები ნამდვილად იცავენ. თუ გინდათ გინეკოლოგთან რიგში არავინ დაგინახოთ, ვიზიტის დრო ტელეფონით წინასწარ დაგეგმეთ, რომ ფოიეში მოცდამ ნაკლებად მოგიწიოთ, მაგრამ თუ ექიმის მისაღებში მაინც ჭორიკანა მეზობელი დაგხვდათ და გამოგესაუბრათ, მასთან საუბარში ექიმთან ვიზიტის მიზეზად მტკივნეული მენსტრუაცია დაასახელეთ
3. მეშინია – არ მომისმენს, ვერ გამიგებს, დამიყვირებს. ტყუილად გეშინიათ, დღეს ექიმებს პაციენტები საძებნელი ჰყავთ და თუ რომელიმე სულელი ამას იზამს, აუცილებლად გამოიცვალეთ. ექიმს უნდა ეყოს მოთმინება, პაციენტი ყოველდღე რომ თავისი ჯანმრთელობის საწინააღმდეგოს სჩადიოდეს, მაინც უნდა გაუგოს და მშვიდად სცადოს მისი დამშვიდება და ჭეშმარიტების გზაზე დაყენება. აქედან გამოსავალი მარტივია – საკუთარი ექიმი ეძებეთ.
4. ინფექციას ამკიდებენ – ეს რა თქმა უნდა შედარებით სერიოზული არგუმენტია. თუ თქვენ იაფფასიან და სულაც უფასო სამედიცინო დაწესებულებაში მიდიხართ, სადაც ფინანსურად შეუძლებელია სტერილობის დაცვა, ნამდვილად ფრთხილად უნდა იყოთ. არ დაწვეთ გინეკოლოგიურ სკამზე, თუ ის თქვენს თვალწინ არ დაამუშავეს და ერთჯერადი ქაღალდი არ დააფინეს. დაუკვირდით თვითონ სკამს, ხომ არ არის ჟანგიანი და მისი ტყავის საფარი დაზიანებული. შეაფასეთ სამანიპულაციოს კედლები და იატაკი, შესაძლებელია თუ არა მათი სველი წესით დამუშავება. დახეულ ლინოლიუმიან, დამტვრეულ მეტლახიან და დაზიანებულ კედლებიან სამანიპულაციოში არ გირჩევთ გაიხადოთ.
რამდენიმე სიტყვით უნდა შევეხოთ ერთჯერადი სარკის თემასაც. ერთჯერადი სარკე ერთი მხრივ გარანტირებულად სტერილურია, შეხებისას ცივი არ არის, მაგრამ მეორე მხრივ ზოგიერთ მათგანი შეიძლება ბასრიც იყოს და საშო დააზიანოს (იყო შემთხვევები), გარდა ამის ნაკლები მექანიკური სიმტკიცის გამო, ასეთი სარკის გატეხვის ალბათობა შედარებით მეტია, ვიდრე მეტალის, ხოლო გატეხილის გამოღება ძალზე უსიამოვნო პროცედურაა. ამიტომ ერთჯერადი სარკე რეკომენდირებულია ხანმოკლე პროცედურებისას (მაგ. ნაცხის აღებისას), ხოლო ხანგრძლივი პროცედურებისას, უფრო მეტალისაა მიზანშეწონილი. ზოგიერთი ერთჯერადი სარკე მწარმოებლის მიერ არასტერილური გამოდის და გამოყენების წინ სასტერილიზაციო ხსნარში დამუშავებას საჭიროებს (ჩვეულებრივი პრაქტიკაა!). ძალიან ნუ გაიკვირვებთ, თუ ექიმი ან მედდა ერთჯერად სარკეს ხსნარიდან ამოიღებს. მთავარია ხმარების შემდეგ არ მოხდეს მისი განმეორებითი გამოყენება, ამიტომ მშვიდად გამოიკითხეთ ერთჯერადი სარკის წარმომავლობა და ნახმარი სარკე თვითონ წაიღეთ და გადააგდეთ.
5. ძვირია – ვერავინ გაიძულებთ ერთბაშად მთელი აფთიაქის ყიდვას და მილიონი ანალიზის გაკეთებას. თუ მაინც დაგაძალეს, დაფიქრდით, ღირს თუ არა ამ გინეკოლოგთან დარჩენა. ნუ მოგერიდებათ, გაარჩიეთ ფინანსური პრობლემები თქვენს ექიმთან. არის ანალიზები აუცილებელი და სასურველი. ჯერ აუცილებელი ანალიზები ჩაიტარეთ. აზრი აქვს იაფი ლაბორატორიის ძებნასაც, ზოგჯერ ლაბორატორიები ფასებს ბერავენ კლიენტურის მისაზიდად (ვითომ უფრო მაღალხარისხოვანი რეაქტივები და კვალიფიციური პერსონალი ჰყავთ), მაგრამ თუ სიიაფე იმითაა განპირობებული, რომ ლაბორატორიაში დაბალი ხარისხის ტესტ–სისტემები და მოძველებული აპარატურაა, მაშინ ასეთ ლაბორატორიაში გამოკვლევა უფრო ძვირი დაგიჯდებათ. სასურველია ისეთი ადამიანის რჩევას ენდოთ, ვინც საქმეში ერკვევა და თანაც თქვენი უფრო თქვენი გულშემატკივარია, ვიდრე იმ ლაბორატორიის, ვისზეც აზრი გინდა გაიგოთ. თუ ჩვენს ლაბორატორიაში გადაწყვეტთ გამოკვლევას, ყოველთვის შეგიძლიათ, შემსრულებელს სთხოვოთ გაჩვენოთ ტესტ სისტემები, მათი შენახვის ვადები და პირადად ნახოთ მათი შენახვის პირობები. იგივეა წამლების შემთხვევაშიც. ზოგიერთ წამალს აქვს იაფი და ეფექტური ანალოგები. ზოგჯერ ძალიან მაღალი ფასი მწარმოებლის სახელით არის განპირობებული. ძვირიან წამლების ყიდვა ერთი რამითაც არის სახიფათო – მათ ხშირად უკეთებენ ფალსიფიკაციას. მეორე მხრივ სიიაფე ხშირად გამოწვეულია წამლის ნაკლები ეფექტურობით და დამამზადებელ ქვეყანაში (მაგ. ინდოეთი) იაფი და დაბალკვალიფიციური მუშახელის არსებობით. სამწუხაროდ "იაფი და იორღას" მოძებნა ძალიან ძნელია, განსაკუთრებით მედიცინაში.
6. ქალწულობის აპკს დააზიანებს – არავითარ შემთხვევაში! ჯერ ერთი არსებობს ე.წ. "ვირგო" გინეკოლოგიური სარკეები. მეორეც, ქალწულებს უმეტეს შემთხვევაში სინჯავენ არა საშოდან, არამედ სწორი ნაწლავიდან. ეს მეთოდი უფრო ინფორმატიულიცაა, ვიდრე საშოდან გასინჯვა, მაგრამ გამწმენდი ოყნის გაკეთებას მოითხოვს. ამიტომ ვიზიტის წინ სასურველია გამწმენდი ოყნა სახლშივე გაიკეთოთ. ამასთან გინეკოლოგიურ სკამზე გასინჯვა სავალდებულო არ არის. ზოგჯერ პრობლემის მოგვარება გასაუბრებითაც შეიძლება და თუ გასაუბრება არასაკმარისია, მაშინ ექიმის დამხმარედ ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) მოგვევლინება.
7. მაინც მეშინია, არასოდეს ვყოფილვარ – უბრალოდ თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ. ეს ადვილი გამოსასწორებელია. წაიკითხეთ როგორ მიმდინარეობს გინეკოლოგთან ვიზიტი.
|