ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

სპეციალურად ეჭვიანებისათვის

ამ გვერდის შექმნა გვაიძულეს იმ პაციენტებმა, რომლებსაც აეჭვებთ ქალაქის ცენტრალურ კლინიკებთან შედარებით ჩვენი ფასების სიმცირე ხომ არ არის იაფფასიანი,უხარისხო ან ვადაგასული ტესტ–სისტემების გამოყენებით განპირობებული, ან მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ქალბატონებო და ბატონებო, პროდუქციისა დაა სერვისის ფასი ასახავს  მწარმოებლის, გამყიდველის ან სერვისის პროვაიდერის დამოკიდებულებას კლიენტისადმი და ძალიან მცირედ არის დამოკიდებული ხარისხზე.

„არც ისე მდიდარი ვარ რომ იაფფასიანი ნივთები ვიყიდო“ ეს არის კორპორაციების მოგონილი სლოგანი მომხმარებლების გასაბრიყვებლად. ხარისხიანი პროდუქციის შესაძენად ან უკეთესი მომსახურების მისაღებად ფასზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის თქვენი ინფორმირებულობა მწარმოებლის ან მომსახურების მიმწოდებლის შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უკეთესი უფრო იაფად. როგორც ამბობენ კახელები, „იაფი და იორღა“. მაგალითები? რამდენიც გნებავთ! დაკლიკეთ აქ.

თუ ამ მაგალითების ნახვის შემდეგაც თქვენ „არც ისე მდიდარი ვარ რომ იაფფასიანი ნივთები ვიყიდო“ სლოგანის მომხრე რჩებით, ჩვენთან ნუ მობრძანდებით, სხვა უფრო ძვირიან კლინიკაში წაბრძანდით. თქვენი ასეთი მოსაზრების გამო ფასების მომატებას არ ვაპირებთ.

ვისაც სურს რომ მეტი თანხის გადახდით თავისი განსაკუთრებულობა დაამტკიცოს, მოვახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში მედეა თქვენი კლინიკა არ არის. შეგიძლიათ იაროთ ძვირფას რესტორნებში, სილამაზის სალონებში, უფრო ძვირფასი მანქანებით.და იმ კლინიკებში, რომელთა მენეჯერები სწორედ „მაღალი ფასის მეთოდით“ იზიდავენ გადახდისუნარიან პაციენტებს. ეს არის მარკეტინგის ერთ–ერთი ცნობილი და ფართოდ გამოყენებული მეთოდი, მაგრამ მედეას ადმინისტრაცია ამ შეხედულებას არასოდეს გაიზიარებს და მსგავს მეთოდებს არასოდეს გამოიყენებს. მედიცინაში უმაღლესი ხარისხი უნდა ხელმისაწვდომი იყოს როგორც მდიდარი, ისე ნაკლებად შეძლებული მოქალაქეებისათვის.

თუ თქვენ ისეთ პროდუქციას იძენთ, რომლის ხარისხი თქვენთვის გადამწყვეტი არ არის, უბრალოდ ძვირზე არჩევანის გაკეთებით დიდი ზარალი არ მოგივათ, მაგრამ სამედიცინო მომსახურების მიღებისას სჯობია მაქსიმალურად ინფორმირებული იყოთ სერვისის პროვაიდერ კლინიკაზე, თორემ მარტო ჯიბე არ დაზარალდება.

ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც დადებითად აისახება ჩვენს ფასებზე:

  1. გარეუბანში ოფისის იჯარის ღირებულება დაახლოებით 5–ჯერ ნაკლებია, ვიდრე ქალაქის ცენტრში
  2. ჩვენ თვითონ ვართ სამედიცინო აპარატურის და სახარჯი მასალების იმპორტიორი და ვამარაგებთ ბევრ ცენტრალურ კლინიკას. შესაბამისად ჩვენთან თვითღირებულება არის უფრო დაბალი.

ჩვენ ვემსახურებით დაახლოებით 35-მდე კლინიკას ქალაქის მასშტაბით, ისინი მხოლოდ სისხლს იღებენ და შრატს გამოყოფენ, რომელსაც საანალიზოდ ჩვენ გვიგზავნიან (მიღებული პრაქტიკაა - თუ ტრანსპორტირების წესები დაცული იქნა სისხლი საანალიზოდ სხვა ქვეყანაშიც შეიძლება გაიგზავნოს). ცხადია ამ შემთხვევაში ჩვენი ფასი უფრო დაბალია, ვიდრე იმ კლინიკის, სადაც თქვენ ანალიზი ჩააბარეთ. რომელი კლინიკები გვიგზავნიან ანალიზებს, ამას აქ ვერ ჩამოვთვლით გასაგები მიზეზების გამო. 

ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის განსაკუთრებით საინტერესო სიტუაცია შეიქმნა მომსახურების ორ სახეობაზე:

1.      1. ანტი მიულერის ჰორმონის ანალიზი

2.      2. საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია.

როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ჩვენ მივაღწიეთ პრაქტიკულად შეუძლებელს - საუკეთესო შეთავაზება გავაკეთეთ ყველაზე უფრო დაბალ ფასად ქალაქში.

ამჟამად ჩვენ ვართ ერთადერთი კლინიკა, რომელიც ანტი-მიულერის ჰორმონის დიაგნოსტიკისათვის იყენებს ე.წ. Pico AMH ტესტ სისტემას. ეს ტესტ სისტემა საქართველოში დარეგისტრირდა ჩვენი მოთხოვნით და განსაკუთრებით მაღალი მგრძნობიარობით გამოირჩევა დაბალ დიაპაზონში, ამიტომ მის გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკვერცხის რეზერვის ზუსტი შეფასებისათვის. რატომ არ იყენებენ სხვა კლინიკები - ორი მიზეზია: ან არ იციან ამ ტესტ სისტემის არსებობა(უმეტესობა სწორედ ასეა! Pico AMH წარმოება სამი წელია რაც დაიწყო), ან ვერ ელევიან მამაკაც პაციენტებს(მამაკაცებში ანტი-მიულერის მნიშვნელობა მაღალია და Pico AMH ტესტ სისტემით ვეღარ განისაზღვრება. ამ ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს კრიპტორქიზმის დროს).

რაც შეეხება საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას, მისი ფასი ჩვენთან 330 ლარია ერთჯერადი პროცედურის, მაშინ როცა თბილისი სხვადასხვა კლინიკაში 550-დან 1100 ლარამდე მერყეობს. არ არის გასაკვირი რომ საკითხში გაურკვეველ ადამიანს გაუჩნდეს კითხვა თუ რატომ არის ამხელა სხვაობა.

რეალურად ყველგან კეთდება ერთი და იგივე პროცედურა - სპერმა მუშავდება გრადიენტით და შემდეგ ხდება მისი შეყვანა საშვილოსნოს ღრუში. არავითარი სხვაობა არ არის სპერმის დამუშავების მეთოდსა და გრადიენტების ხარისხში. ჩვენ ვიყენებთ და ვართ შვედური კომპანია ნაიდაკონის წარმომადგენლები და საქართველოში ჩვენ ვყიდით სპერმის დასამუშავებელ სითხეებს. იხ: www.biomar.ge, აგრეთვე ჩვენ ვაწარმოებთ ლაბორანტების ტრენინგ, ვინც ამ სითხეებს შეიძენს.

ინსემინაციის გაბერილი ფასი სხვა კლინიკებში გამოწვეულია ერთადერთი მოსაზრებით - პაციენტი ადვილად დაითანხმონ უფრო ძვირ და ინვაზიურ ინვიტრო პროცედურაზე, საიდანაც მეტი მოგება რჩება. ინსემინაციის ფასი სწორედ რომ ნათელი მაგალითია იმ დებულებისა რაც ზემოთ დავწერეთ - ფასს განსაზღვრავს არა ხარისხი, არამედ სერვისის პროვაიდერის დამოკიდებულება სერვისის მიმღების მიმართ.

ახლა ჩვენ გავაკეთებთ  სახარჯი მასალების კალკულაციას, რომელიც იხარჯება საშვილოსნოსშიდა ინსემინაციაზე:

1.      1. კათეტერი - 16 ლ

2.      2. გრადიენტი PS 80 მოცულობით 2 მლ - 16 ლ

3.      3. გრადიენტი PS 40 მოცულობით 2 მლ - 12 ლ

4.      4. Ferticult Flushing Medium 5 მლ - 6

5.      5. ერთჯერადი სინჯარები, კონტეინერი, ერთჯერადი სარკე, შპრიცი - 5 ლ

ასე რომ სახარჯი მასალების ღირებულება 55 ლარს არ აღემატება, 330-55=275ლ სრულიად საკმარისია არაპირდაპირი ხარჯების(კომუნალური გადასახადები, ამორტიზაცია და სხვ), ემბრიოლოგის 1 სთ, აგრეთვე ექიმის და ექთნის ნახევარი საათი მუშაობისა და დაწესებულების მოგების ასანაზღაურებლად. ამ რიცხვების გადამოწმება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი ოფიციალურად 1100 ლარია, 330 ლ ინსემინაციის პროცედურის ფასი ჩვენ ძვირად გვეჩვენება. ფასი მნიშვნელოვნად დაიკლებდა, ინსემინაციების რაოდენობა მეტი რომ იყოს და დაწესებულება დატვირთული იყოს. ვთვლით რომ ვისაც ასეთი ფასი "საეჭვოდ იაფად" მიაჩნია, უბრალოდ არაინფორმირებულია, მოწყვეტილია რეალობას და შეცდომაში შეყვანილია "ძვირფასი" კლინიკების მიერ. ასეთი პაციენტების შეხედულებებზე დაყრდნობით ფასწარმოქმნას ვერ განვახორციელებთ და ნაკლებადშეძლებულ თანამოქალაქეებს ფინანსური პრობლემების წინაშე ვერ დავაყენებთ.

პ.ს. ფასები მოყვანილია სტატიის დაწერის დღისათვის 09.03.2020

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili